logo
ENG



ნიუ-იორკში უცნობი დაავადებით 3 ბავშვი გარდაიცვალა

10 მაი 202016:23
3 წუთის საკითხავი
 
1oydissvoejskx3.jpg

ნიუ-იორკში ბოლო პერიოდში 3 ბავშვი გარდაიცვალა უცნობი დაავადებით, რომელიც, შესაძლოა, უკავშირდება ახალ კორონავირუსს. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკულ გაზეთი The New York Times-ი ავრცელებს. 

აღსანიშნავია, რომ ნიუ-იორკის შტატის მასშტაბით, დამატებით 73 ბავშვი ამავე დაავადებით არის ავად.

“ამ დაავადებამ 3 ნიუ-იორკელი ბავშვის სიცოცხლე წაგვართვა... ეს ახალი ტენდენციაა. ახალი მიმართულება,”- განაცხადა შტატის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ

მისივე თქმით, ბავშვებს, რომლებიც სხვადასხვა დროს ნიუ-იორკის კლინიკებში სასწრაფო დახმარების საშუალებით შეჰყავდათ, არ ჰქონდათ ამ ვირუსისთვის დამახასიათებელი რესპირაციული სინდრომები; მათი უმრავლესობა იყო კოვიდ-დადებითი ან სისხლში ჰქონდა ახალი კორონავირუსის ანტისხეულები.

სპეციალისტების თქმით კი ბავშვები რისკის ქვეშ შესაძლოა იმიტომაც არიან, რომ მათი იმუნური სისტემა ბოლომდე განვითარებული არ არის. 

რაც შეეხება სიმპტომებს, ის ტოქსიკურ შოკს ჰგავს, რომლის დროსაც ანთებითი პროცესები იწყება კანზე, თვალებზე, სისხლის მატარებლებსა და გულზე. ზოგ ბავშვს მექანიკური ვენტილაციაც სჭირდება. 

ექიმების თქმით, თუ ახალი კორონავირუსი, ძირითადად, მოზრდილების სასუნთქ გზებს აზიანებდა, ახალი დაავადება ან სინდრომები ბავშვების გულ-სისხლძარღვთა სისტემას აზიანებს, მათ შორის, კორონარულ არტერიებს. ასევე ახალი დაავადების სიმპტომები, ექიმების თქმით, კავასაკის დაავადებას ჰგავს. ეს უკანასკნელი კი ცნობილია, რომ გავრცელებულია მხოლოდ ბავშვებში და გამოიხატება ვენებისა და არტერიების, მათ შორის კორონარული არტერიების, ანთებით.  

მსგავსი სიმპტომები ბავშვებში, ნიუ-იორკის შტატის გარდა, აღირიცხა ლუიზიანის, მისისიპისა და კალიფორნიის შტატებში. უახლოეს წარსულში, სულ მცირე, 50 ასეთი შემთხვევა დაითვალეს ევროპაშიც, მათ შორის, ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში, საფრანგეთში, შვეიცარიაში, ესპანეთსა და იტალიაში. 

 


close დახურვა