ქუჩაში ნიღბით სიარულის აკრძალვის ინიციატივის შემდეგ, ქართული ოცნება პიროტექნიკის რეგულაციის საკითხების განხილვას გეგმავს. ეს განცხადება დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე გააკეთა და თქვა, რომ "მიმდინარე მოვლენებმა აჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია, ეს სფერო იყოს მოწესრიგებული".
მისი თქმით, პიროტექნიკასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივა უკვე არსებობს და ამავე პაკეტში იქნება გათვალისწინებული შენიღბვის საკითხიც.
ის ირწმუნება, რომ მიყვებიან "საუკეთესო პრაქტიკას", რომელიც არსებობს ევროპაში.
"რაც შეეხება სახის დაფარვას, რომლის მთავარი იდეაც რაში მდგომარეობს არის ის, რომ უპირველეს ყოვლისა გახსოვთ, ამ საზოგადოებაში გავიზარდეთ ყველა, გვინახავს ბევრი დემონსტრაცია და მიტინგი, როდესაც შენიღბული იყვნენ დემონსტრანტები, ეს ყოველთვის იწვევდა კითხვის ნიშნებს, თუ რა მოტივაცია არის ხოლმე ასეთი ადამიანების უკან, ასეც არის ყველგან. ასეთი რეგულაციები მოქმედებს უმეტეს ქვეყნებში, როგორც ევროკავშირის, ასევე აშშ-ში მოქმედებს ეს წესები, რომლის იდეაც მარტივია, რომ უნდა იყოს შესაძლებელი ადამიანების იდენტიფიცირება ერთის მხრივ და მეორეს მხრივ, როდესაც ადამიანი არის შენიღბული და გრძნობს, რომ მისი იდენტიფიცირება არის გართულებული, ის უფრო თამამია კანონდარღვევაში და აგრესიაში.
ასე რომ, ჩვენ მივყვებით იმ საუკეთესო პრაქტიკას, რომელიც არსებობს ევროპაში, ავიღებთ ყველაზე მსუბუქ რეგულაციებს. ევროკავშირში ამ მხრივ არის რეგულაციები, როდესაც მთლიანად, საჯარო სივრცეში აკრძალულია სახის დაფარვა, ჩვენ მივყვებით უფრო მსუბუქ რეგულაციას იმ ქვეყნებისა, სადაც ასეთი შეზღუდვები მოქმედებს მხოლოდ შეკრებების დროს, ასე რომ, მთავარი იდეა სწორედ ამაში მდგომარეობს.
ჩვენ მიმდინარე კვირაში განვიხილავთ მათ შორის პიროტექნიკის ასე ვთქვათ რეგულაციის საკითხებს, როგორც მისი შემოტანა რეალიზაციის საკითხებს, ამაზე დიდი ხანია მიდიოდა საუბარი, მათ შორის წინა მოწვევის პარლამენტში და ამ მოვლენებმა გვაჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ეს სფერო იყოს მოწესრიგებული. [...] ამ მოვლენებმა გვაჩვენა, რომ უნდა ვიმოქმედოთ სწრაფად, როგორც პიროტექნიკის რეგულაციის საკითხებში, ისევე საჯარო შეკრებების დროს შენიღბვის აკრძალვით. საკანონმდებლო ინიციატივა არის პიროტექნიკაზე და იმ საკანონმდებლო პაკეტში იქნება უკვე გათვალისწინებული [შენიღბვის] საკითხიც", - ამბობს პაპუაშვილი.