მოძრაობის „ქვეყნის სამსახურში“ ერთ-ერთი აქტივისტი და აქციის ორგანიზატორი, ნოდარ რუხაძე აცხადებს, რომ დღევანდელი აქცია იქნება ძალიან საინტერესო და განსხვავებული. ის დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა „ფორმულასთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ დღეს გადაკეტილი რუსთაველი იქნება ძალიან ლამაზი. მისივე თქმით, სამართალდამცველებს მოუწევთ უკანონო დავალებების შესრულება, რადგან პარლამენტის პიკეტირების გეგმა არ შეიცვლება.
„დღევანდელი დღე იქნება განსხვავებული, ჩვენ ასდღიანი გამოცდილება მივიღეთ აქციების, უკვე ორი კვირაა ვატარებთ აქციებს, ვახდენთ შენობების პიკეტირებას, ჩვენი მობილური ჯგუფები არიან ყველგან, სადაც არიან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები. დღევანდელი რუსთაველის გადაკეტვის ფორმატი იქნება განსხვავებული, ჩვენი მიზანი იყო, რომ საზოგადოებას დაენახა ჩვენი სახე, ახალგარდული კრეატივი, რაც გვაქვს და სწორედ ამიტომ წინასწარ ვერაფერს გეტყვით, მაგრამ გადაკეტილი რუსთაველი იქნება ძალიან ლამაზი. სპეცრაზმელებს მოუწევთ დაფიქრება მანამ, სანამ მიიღებენ ბრძანებას, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები დაარბიონ. მივმართავ სამართალდამცველებს - პარლამენტი დღეს და ხვალ იქნება პიკეტირებული და მათ მოუწევთ უკანონო ბრძანებების შესრულება. „ქართული ოცნების“ მონებს აღარ მივცემთ უფლებას, შევიდნენ პარლამენტში“, - აცხადებს ნოდარ რუხაძე.
შეგახსენებთ, რომ აქცია „ერთად ერთის წინააღმდეგ“ დღეს, შვიდ საათზე დაიწყება მსვლელობით რესპუბლიკის მოედნიდან.