პოლიტოლოგი გია ნოდია ტელეკომპანია "ფორმულასთან" სტუმრობისას ამბობს, რომ გიორგი ვაშაძის მიერ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურის წამოყენება კომიკურია, თუმცა ყურადღების მიქცევას და რეიტინგის ზრდას ემსახურება.
"სააკაშვილთან შედარებით, გაცილებით ნაკლები მასშტაბის პოლიტიკოსია გიორგი ვაშაძე, ცოტა კომიკურია, თითქოს, ერთი შეხედვით, რომ 2-3%-იანი რეიტინგის პარტიის ლიდერი პრემიერ-მინისტრად წარმოგვიდგენს თავს. ფაქტობრივად, ერთადერთი პოლიტიკოსია, რომელიც ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრად მოდის. კომიკურია, მაგრამ, მეორე მხრივ, ეს არის ყურადღების მიქცევის საშუალება. ის ამით ყურადღებას იპყრობს და შეიძლება, 2-3%-დან 4%-ზე გადავიდეს. ოპოზიციური პოლიტიკოსები ამას ანგარიშობენ", - ამბობს ნოდია.
მისი თქმით, სააკაშვილის თავდასხმა ვაშაძისთვის მომგებიანი იქნება, რადგან ნაციონალური მოძრაობიდან წამოსული პოლიტიკური ძალების მთავარი ამოცანა სწორედ ენმ-სგან დისტანცირებაა.
"მგონი, გარკვეულწილად, ვაშაძისთვის მომგებიანია სააკაშვილისგან დისტანცირება. ზოგადად ყველა პარტიისთვის, რომელიც გამოსულია ნაციონალური მოძრაობის წიაღიდან, მნიშვნელოვანია, რომ დისტანცირდეს ნაციონალური მოძრაობისგან და რაღაცნაირად, დაარწმუნოს ამომრჩეველი, რომ სხვები არიან. ამ აზრით, მგონი ეს ვაშაძისთვის მომგებიანი იქნება", - ამბობს ნოდია.
27 ივლისს "ახალი საქართველოს" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ და პარტია "კანონი და სამართლის" დამფუძნებელმა, თაკო ჩარკვიანმა გაერთიანება "ძალა ერთობაშია" დატოვეს და ახალი პოლიტიკური პლატფორმა - "სტრატეგია აღმაშენებელი" ჩამოაყალიბეს.
საარჩევნო კამპანიის პრეზენტაციისას გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრობისთვის აპირებს ბრძოლას.
რამდენიმე დღის წინ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ გიორგი ვაშაძე ბნელ მხარეს გადავიდა.