„გადამწყვეტი ბიძინა ივანიშვილის დამარცხებისთვის არის ის შედეგები, რომლებსაც პროპორციული არჩევნების გზით აჩვენებენ პოლიტიკური პარტიები. ამიტომ ნუ მოვატყუებ საზოგადოებას, რომ მაჟორიტარებს აქვთ გადამწყვეტი როლი", - ამის შესახებ სალომე სამადაშვილმა ოპოზიციურ პარტიებს შორის საერთო მაჟორიტარულ კანდიდატებზე შეთანხმების შესახებ საუბრისას განაცხადა.
გუშინ „ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომ ენმ-ის გადაწყვეტილება თბილისის გარეთ 22-ვე მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატის დამოუკიდებლად დაყენების შესახებ უცვლელი რჩება.
„ჯერჯერობით 2016 და 2018 წლების გამოცდილება გვკარნახობს, რომ 41-ის წინააღმდეგ მარტო დარჩენილი 5-იანი არ დამთავრებულა ოპოზიციისთვის სასარგებლოდ", - განაცხადა გუშინ „ფორმულას" ეთერში უგულავამ.
სხვა ოპოზიციური პარტიების პოზიციების საპასუხოდ სამადაშვილი აცხადებს, რომ ივანიშვილის დამარცხება, პირველ რიგში, პოპორციული პარტიული სიით უნდა მოხდეს.
„ჩვენ არანაირ გადაწყვეტილებას არ მივიღებთ და არანაირ დათმობაზე არ წავალთ, რაც დააზიანებს ჩვენს ინტერესებს, რაც შეეხება პარტიული პროპორციული სიით რაც შეიძლება მეტი მხარდაჭერის მოპოვებას, იმიტომ, რომ ჩვენ ბიძინა ივანიშვილი უნდა დავამარცხოთ, პირველ რიგში, პროპორციული არჩევნების გზით. ამიტომ ნუ შევიყვანთ საზოგადოებას შეცდომაში, რომ მაჟორიტარებზე გადის არჩევნების ბედი", - განაცხადა სამადაშვილმა.
მისი თქმით, ენმ საზოგადოებას იმ ტიპის პოლიტიკურ შეთავაზებას გაუკეთებს, როგორსაც მათი ამომრჩევლები და მხარდამჭერები მოელიან.
„ჩვენ გავუკეთებთ საზოგადოებას იმ პოლიტიკურ შეთავაზებას, რომელსაც ჩვენი მხარდამჭერები მოელიან ჩვენგან. ჩვენთვის მთავარი არის ჩვენი მხარდამჭერები და ჩვენი ამომრჩევლები, მიუხედავად ჩვენი პატივისცემისა, სხვა პოლიტიკური პარტიების მიმართ", - განაცხადა სამადაშვილმა.
საერთო მაჟორიტარებზე შეთანხმების საკითხზე დისკუსია გუშინ გიგი უგულავამ განაახლა. მან ენმ-ის გადაწყვეტილების პარალელურად განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტიების ერთიანობა საზოგადოების დაკვეთაა.