„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ოთარ კახიძე გადაცემა „პოლიტიკის ფორმულაში“ იმყოფებოდა სტუმრად, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენასთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი განცხადებით, ევროპული საქართველო მესამე მოსმენას იმ შემთხვევაში დაესწრება თუ გიორგი რურუა საპატიმრო დაწესებულებას დატოვებს.
მისივე თქმით, 8 მარტის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადაჰყავს, რაც პოლიტიკური გარემოს ნორმალიზებას ნიშნავს.
„მესამე მოსმენაზე ვიქნებით იმ შემთხვევაში, თუ გიორგი რურუა გათავისუფლდება, ანუ შესრულდება 8 მარტის შეთანხმების პირველი და საკვანძო ნაწილი. პოლიტპატიმრების გათავისუფლება და საარჩევნო სისტემის ცვლილება - ეს ორივე პირობა ეხება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის თვისობრივად ახალ ეტაპზე გადასულ ურთიერთობას, რაც პოლიტიკური გარემოს ნორმალიზებას ნიშნავს. ასევე იმაზე შეთანხმებას, რომ მედიამფლობელების და პოლიტიკოსების დევნის გარეშე უნდა ჩატარდეს საარჩევნო კამპანია. ნორმალური ატმოსფერო უნდა იყოს, რადგან ხელისუფლების ცვლილება უნდა მოხდეს არჩევნების გზით.
ჩვენ როდესაც ამ შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი, ორივე საკითხზე ავიღეთ ვალდებულება და მთლიანობაში გამოვხატეთ მზადყოფნა, რომ თუკი ხელისუფლება ამ ნაბიჯებს გადადგამდა, ჩვენი მხრიდან მოხდებოდა დეესკალაცია.
ქუჩის აქციების, პიკეტირების და ბოქლომების დადების ნაცვლად ვთავაზობთ, რომ საპარლამენტო ცხოვრებაში მივიღოთ მონაწილეობა“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.