logo
ENG



ოკუპანტებმა 70 წლის კაცი გაიტაცეს და სცემეს - ვითარება ე.წ. საზღვართან

08 მარ 202020:10
3 წუთის საკითხავი
 

სოფელ აძვიდან გატაცებული და შემდეგ გათავისუფლებული ელდარ გუნდიშვილი ნაცემია. ოკუპანტებმა ის საკუთარი სახლის ეზოსთან ახლოს, შეშის მოგროვების დროს, ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით 27 თებერვალს დააკავეს. 

გუნდიშვილი ამბობს, რომ ეს მისი მეოთხე დაკავება იყო, თუმცა ფიზიკურ ძალადობაზე კამერებთან საუბარს ერიდება. ნაცემი პაციენტის სანახავად დღეს აძვში ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ჩავიდა.

ელდარ გუნდიშვილის თქმით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დაკავებისას მასზე იძალადეს და წააქციეს, თუმცა ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ ეს მრავლობითი სისხლჩაქცევები ცემის შედეგია. 

ძალადობას 70 წლის კაცზე სახლის ეზოდან ხედავდა მისი მეუღლე და მომხდარის შესახებ ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებს აცნობა. ამის შემდეგ ელდარ გუნდიშვილი პოლიციაში დაიბარეს. დღეს კი ოკუპანტების მსხვერპლი ამბობს, რომ ძალადობის ფაქტი არ ახსოვს.

70 წლის კაცს დაზიანებები შეისწავლა ვაჟა გაფრინდაშვილმა. ტრავმატოლოგი, რომელმაც ოკუპანტების ტყვეობაში თვეზე მეტი გაატარა, ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ საოკუპაციო ზოლთან მცხოვრებ დაუცველ ხალხს ყურადღება მიაქციოს. 

აძვის მკვიდრი ოკუპანტებმა საქართველოს მიერ კონტოლირებადი ტერიტორიიდან გაიტაცეს. ამ მიზნით საოკუპაციო ზოლი დატოვეს და 200 მეტრით სოფელში შემოვიდნენ, რაც პირველი შემთხვევა არ არის. 

მიტოვებულები - სწორედ ასეთი განცდა აქვთ ადამიანებს, რომლებიც საოკუპაციო ზოლთან მუდმივი შიშით ცხოვრობენ. ელდარ გუნდიშვილი ოკუპანტებმა 27 თებერვალს გაიტაცეს და ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს. სწორედ მისი მონაყოლით ირკვევა, რომ ოკუპანტებს კიდევ ერთი მოქალაქე ჰყავდათ დატყვევებული. სოფელ ზერტის მცხოვრები არჩილ ცარიელაშვილი ოკუპანტებმა ტყეში ნადირობის დროს გაიტაცეს. 

ოკუპანტების ტყვეობიდან დახსნა მხოლოდ რეჟიმის კეთილი ნების და მხოლოდ თანხის გადახდის შემდეგ ხდება. ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის დაწესებული ჯარიმის თანხაც მსხვერპლებმა  საკუთარი ჯიბიდან უნდა გადაიხადონ. ადგილობრივები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ. 


close დახურვა