logo
ENG



ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ეკლესია ინაშვილის ნაჩუქარ ხატს უკან აბრუნებს

27 აგვ 202010:57
3 წუთის საკითხავი
 
i1e98gtze53q81y.jpg

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ეკლესია პატრიოტთა ალიანსის დეპუტატების მიერ ილორის ტაძრისთვის შეწირულ ღვთისმშობლის ხატზე უარს ამბობს და უკან აბრუნებს.

როგორც ოკუპირებული აფხაზეთის ეკლესიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, პატრიოტთა ალიანსის მისიაზე არაფერი იცოდნენ.

"ამ მისიის შესახებ აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია ინფორმირებული არ იყო. მიუღებელია მსგავსი ქმედებები მანამ, სანამ ქართული მართლმადიდებელი ეკლესია აფხაზეთის მართლმადიდებელ ეკლესიასა და აფხაზეთის სახელმწიფოს არ აღიარებს", - წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა, პარტია სახალხო ფრონტის თავმჯდომარე ლაშა საკანიამ განცხადება გამოაქვეყნა, რომლითაც დადასტურდა, რომ პატრიოტთა ალიანსის წევრები აფხაზეთში ვიზიტით იმყოფებოდნენ. მისივე თქმით, საპარლამენტო პარტიის წარმომადგენლებმა ვიზიტის ფარგლებში აფხაზეთში მდებარე ილორის მონასტერში ღვთისმშობლის ხატი ჩაიტანეს.

პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა ირმა ინაშვილმა საკანიას განცხადება დაადასტურა და განაცხადა, რომ "აფხაზეთში, ილორის ტაძარში ღვთისმშობლის ხატი დააბრძანეს".

აღსანიშნავია, რომ 26 აგვისტოს საკანია პატრიოტთა ალიანსის წევრებთან შეხვედრის გამო თანამდებობიდან გადადგა.


close დახურვა