logo
ENG



ომბუდსმენის ანგარიში: საოკუპაციო რეჟჟიმმა კიდევ უფრო დაამძიმა დაკავებების უკანონო პრაქტიკა

02 აპრ 202414:48
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/02/qaoywcit041wwfp.jpg

სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად 2023 წელი კვლავ სირთულეებით აღსავსე იყო კონფლიქტებით დაზარალებული მოსახლეობისთვის. ომბუდსმენი წერს, რომ გასულ წელს განსაკუთრებით საგანგაშო იყო საოკუპაციო რეჟიმის მიერ თამაზ გინტურის მკვლელობა.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ გამოწვევად რჩება საოკუპაციო ხაზზე უკანონო დაკავებები და არასათანადო მოპყრობის ფაქტები. ოფიციალური მონაცემებით, 2023 წელს საოკუპაციო ხაზზე, ცხინვალის რეგიონის მიმართულებით 37 პირი (აქედან, 35 კაცი და 2 ქალი), ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით - 26 პირი დააკავეს (აქედან, 15 კაცი, 5 ქალი და 6 არასრულწლოვანი). სახალხო დამცველი ანგარიშში წერს, რომ 2023 წელს საოკუპაციო რეჟიმმა კიდევ უფრო დაამძიმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის პირთა დაკავებების უკანონო პრაქტიკა.

"წინა წლებისგან განსხვავებით, როდესაც უკანონოდ დაკავებულების გათავისუფლება ადმინისტრაციული ჯარიმით შემოიფარგლებოდა, ბოლო წლებში გახშირდა გრძელვადიანი უკანონო პატიმრობის შემთხვევები. 2023 წლის დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში რჩება 8 მოქალაქე: ოკუპირებულ აფხაზეთში - ირაკლი ბებუა, ქრისტინე თაკალანძე, ასმათ თავაძე, ხოლო ოკუპირებულ ცხინვალში - ლაშა ხეთერელი, პეტრე კალაშნიკოვი, გიორგი მოსიაშვილი, დიტო კორინთელი და გიორგი მელაძე", - ვკითხულობთ ანგარიშში.

ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ ოკუპირებულ რეგიონებში მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება კვლავ ირღვევა, რის გამოც ქართულ ენაზე სწავლის გაგრძელების მიზნით, მშობლებს უწევთ, მუდმივი საცხოვრებელი დატოვონ და შვილები ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებულ სკოლებში გადმოიყვანონ.

კვლავ გრძელდება საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი. საკუთრების უფლების დარღვევა ყოველდღიურ გამოწვევად რჩება საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისათვის.

საქართველოს სახალხო დამცველმა 2023 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ წლიური საპარლამენტო ანგარიში გამოაქვეყნა. 386 გვერდიანი ანგარიშში წარმოდგენილია კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებული გამოწვევები და პროგრესი, ასევე, მიმოხილულია გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა.


close დახურვა