logo
ENG



ომბუდსმენის თხოვნის საფუძველზე ეუთო უზენაესის 10 მოსამართლის შერჩევის პროცესს დააკვირდება

24 ნოე 202011:40
3 წუთის საკითხავი
 
2020/11/24/kzh39jh11bqxh2p.jpg

საქართველოს სახალხო დამცველმა თხოვნით მიმართა ეუთო/ოდირს, დააკვირდეს საქართველოში უზენაესი სასამართლოს 10 მოსამართლის ვაკანსიაზე მიმდინარე შერჩევის პროცესს.

ომბუდსმენის განცხადებით, საკითხის მნიშვნელობის გათვალისწინებით, ეუთო/ოდირი გამოთქვამს მზადყოფნას დააკვირდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის წესს და შეაფასოს პროცესი საერთაშორისო "სტანდარტების შესაბამისად.

ეუთო/ოდირმა ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა ქვეყნის მართლმსაჯულების სისტემისათვის უაღრესად მნიშვნელოვან საკითხებში. ჯერ კიდევ 2019 წლის აპრილში, სახალხო დამცველის თხოვნით, ორგანიზაციამ მოამზადა სამართლებრივი მოსაზრება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცედურის გაწერის მიზნით ინიცირებულ კანონპროექტზე, ამის შემდეგ კი მონიტორინგი გაუწია 20 ვაკანსიაზე მიმდინარე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს როგორც საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, ასევე საქართველოს პარლამენტში. მონიტორინგის შედეგები ორგანიზაციამ ასახა ორ ანგარიშში, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს საკითხის გარშემო დისკუსიასა და პროცესის თანმდევი ხარვეზების წარმოჩენაში.

იმის გამო, რომ 2019 წელს მიმდინარე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი მწვავედ იყო გაკრიტიკებული, პარლამენტმა 2020 წლის სექტემბერში მიიღო ახალი საკანონმდებლო ნორმები (მათთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიამ წარმოადგინა შესაბამისი კრიტიკული შეფასებები, რომელთა საკანონმდებლო დონეზე შემდგომი ასახვა და გამოსწორება მნიშვნელოვანია). სწორედ ახალი ნორმების საფუძველზე, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შერჩევის პროცესი დაიწყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა 10 ვაკანსიაზე. მათგან 9 ვაკანსიაზე უკვე დასრულებულია საბუთების შეტანა, ხოლო 1 ვაკანსიაზე კი კვლავ მიმდინარეობს. პროცესს თავისი მანდატის ფარგლებში ზედამხედველობას გაუწევს საქართველოს სახალხო დამცველი.

ვინაიდან ეუთო/ოდირს უკვე შეფასებული აქვს წინა შერჩევის პროცესის მიმდინარეობა, ბუნებრივია უაღრესად მნიშვნელოვანია მათი დაკვირვების ქვეშ მოექცეს მიმდინარე პროცესიც, რათა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შეფასდეს ეს უმნიშვნელოვანესი საკითხი. ამ ეტაპისთვის ზუსტდება ეუთო/ოდირის მონიტორინგის განხორციელების უშუალო ფორმა და მეთოდები". - აცხადებს სახალხო დამცველი. 

უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლის 10 ვაკანტური თანამდებობაა. 14 მათგანი პარლამენტმა გასულ წელს დაამტკიცა. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები საუბრობენ კლანზე, რომელიც სასამართლო სისტემას მართავს, რაც სისტემის დამოუკიდებლობას და თავისუფლებას ხელს უშლის. 


close დახურვა