logo
ENG



ომბუდსმენი: მოვუწოდებთ საგამოძიებო უწყებებს დაიწყონ გამოძიება ფარულ მიყურადებაზე

07 ნოე 202022:43
3 წუთის საკითხავი
 
md5i636tdcvbvpl.jpg

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გუშინ, 6 ნოემბერს ტელეკომპანია იმედის მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს ეხმაურება და წერს, რომ ფარული ჩანაწერების უკანონო მოპოვება და გავრცელება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს პირადი ცხოვრების დაცულობის ხარისხზე და ქვეყანაში და მოქალაქეებში აღრმავებს განცდას, რომ მათი პირადი ცხოვრება და კომუნიკაცია დაცული არ არის.

სახალხო დამცველი განსაკუთრებულ პრობლემად მიიჩნევს, რომ მსგავს შემთხვევებს ადგილი აქვს პარლამენტის წევრის მიმართ. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ფარული ჩანაწერების გამოქვეყნების შემთხვევები ძირითადად ქალი პარლამენტის წევრების, თუ პოლიტიკოსების მიმართ ხორციელდება, რაც სახალხო დამცველის თქმით, ამძიმებს ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის თვალსაზრისით არსებულ უთანასწორო მდგომარეობას.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება ჩრდილს აყენებს სახელმწიფო ორგანოების საქმიანობას და კითხვის ნიშნებს აჩენს მათ შესაძლო მონაწილეობაზე, ან მათი საქმიანობის ეფექტურობაზე.

ნონო ლომჯარია საგამოძიებო ორგანოებს, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ მოპოვებაზე, გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს:

"საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისთვის უცნობია გამოქვეყნებული ჩანაწერების წარმომავლობა, მაგრამ ამის მიუხედავად, ჩანაწერების გამოქვეყნება ჩრდილს აყენებს სახელმწიფო ორგანოთა საქმიანობას და კითხვებს აჩენს მათ შესაძლო მონაწილეობაზე ან მათი საქმიანობის ეფექტურობაზე.

შესაბამისად, სახალხო დამცველი მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს, მათი კომპეტენციის შესაბამისად, დაიწყონ გამოძიება პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ მოპოვების ფაქტზე. მათ შორის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, შეამოწმოს, მიმდინარეობდა თუ არა ფარული საგამოძიებო მოქმედებები ჩანაწერის მონაწილე პირების მიმართ",-ნათქვამია განცხადებაში.

პროსახელისუფლებო არხის მიერ ოპოზიციონერთა ფარული ჩანაწერები საპარლამენტო არჩევნების გაყალბების ბრალდების და პროტესტის ფონზე გამოქვეყნდა. 

ოპოზიცია ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებულ წინასწარ შედეგებს აპროტესტებს - მათი შეფასებით, არჩევნები გაყალბდა. ოპოზიციური პარტიები ერთხმად პარლამენტს ბოიკოტს უცხადებენ და 8 ნოემბერს "გრანდიოზულ" საპროტესტო აქციასაც აანონსებენ.

როგორც ოპოზიცია, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ დარღვევების მასშტაბი გავლენას მოახდენდა არჩევნების შედეგებზე. 

ევროპული საქართველოს მონაცემებით, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს იმ უბნების რიცხვი, სადაც ოქმები დაბალანსებული არ იყო, არის 1175. 2016 წელს ასეთი უბნების რაოდენობა იყო 967, 2012 წელს - 893. 

პარტიის ცნობით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის 210 000 ხმა გაკონტროლდა. 2016 წელს - 70 510; 2012 წელს - 70 400; 

ასევე, ევროპული საქართველოს ინფორმაციით, ზედმეტი ბიულეტენები ჩაყარეს 206 უბანზე. 2016 წელს ასეთი უბნების რაოდენობა იყო 49; 2012 წელს - 19; 

ამომრჩევლების რაოდენობა უბნებზე, სადაც ბიულეტენები ჩაყარეს - 2020 წელს 113 709; 2016 წელს - 28 418, 2012 წელს - 12 850; 

გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება აი, ფაქტის დათვლით, 3 791-დან 930 უბნის ოქმში (26%) რიცხვები არასწორადაა დაჯამებული. მათივე აღმოჩენით, ამ ოქმებში ხმათა რაოდენობა, ბათილი ბიულეტენების მაჩვენებელი და არჩევნებზე მისულთა საერთო რაოდენობა ერთმანეთს ვერ ემთხვევა.

ამასთან, მათ იპოვეს შესწორების 93 ისეთი ოქმი, რომელიც მთავარ შემაჯამებელ ოქმს მაინც ვერ აბალანსებს. ასევე, 837 ოქმი, რომელშიც რიცხვები არ ჯამდება, შეუსწორებლად არის დატოვებული. 


close დახურვა