logo
ENG



ომბუდსმენი: სახელმწიფო დაფინანსებით მცხოვრებ უკრაინელ ლტოლვილებს ფართის დაცლა მოსთხოვეს

07 მაი 202212:22
3 წუთის საკითხავი
 
ომბუდსმენი: სახელმწიფო დაფინანსებით მცხოვრებ უკრაინელ ლტოლვილებს ფართის დაცლა მოსთხოვეს
ფოტო: ვახო ქარელი

სახალხო დამცველის განცხადებით, საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეების მომართვის და მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, მისთვის ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო დაფინანსებით სასტუმროებში განთავსებულ უკრაინის მოქალაქეები გააფრთხილეს - 6 მაისიდან უახლოეს დღეებში გაათავისუფლონ საცხოვრებელი ფართები, რის შედეგადაც ამ ოჯახებს ღია ცის ქვეშ დარჩენის საფრთხეზე ემუქრება.

ომბუდსმენი აცხადებს, რომ ამის პარალელურად, მედიასაშუალებებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, იზრდება უკრაინელთა სოციალური მხარდაჭერის დაფინანსება, რომელიც საცხოვრებლით უზრუნველყოფის ხარჯებსაც მოიცავს, რაც ნამდვილად მისასალმებელია.

თუმცა, როგორც სახალხო დამცველი წერს, ამ დაფინანსების შესახებ არც რაიმე ნორმატიული გადაწყვეტილება მოიპოვება, არც რომელიმე შესაბამისი სახელმწიფო უწყების ვებ-გვერდზე დევს ოფიციალური განცხადება და არც შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ფლობენ რაიმე ინფორმაციას ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. მით უმეტეს, არ იციან უკრაინიდან დევნილმა მოქალაქეებმა, რა ბედი ეწევათ მათ უახლოეს მომავალში.

"სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და თანამდებობის პირებს - მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში გაატარონ ყველა აუცილებელი ღონისძიება კონკრეტული გადაწყვეტილებების მისაღებად და მოხდეს როგორც ცალკეული უწყებების, ასევე უკრაინიდან დევნილი მოქალაქეების სათანადო ინფორმირება იმის შესახებ, თუ როგორ, როდის და სად მოხდება მათი განსახლება". - აცხადებს ომბუდსმენი. 


close დახურვა