logo
ENG



ომბუდსმენი: 1921 წლის კონსტიტუცია დასტურია, რომ ადამიანის უფლებების დაცვა ჩვენი არჩევანია

21 თებ 202112:02
3 წუთის საკითხავი
 
ომბუდსმენი: 1921 წლის კონსტიტუცია დასტურია, რომ ადამიანის უფლებების დაცვა ჩვენი არჩევანია

საქართველოს სახალხო დამცველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილეს ეხმაურება და აცხადებს, რომ 1921 წელს მიღებული სამართლებრივი დოკუმენტი ქართველი ხალხის არჩევანს ასახავს ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით.

როგორც ომბუდსმენი განმარტავს, ასი წლის წინ მიღებული კონსტიტუცია მოწინავე იყო მეოცე საუკუნის კონსტიტუციებს შორის მისი პროგრესულობით, ადამიანის უფლებათა აღიარებითა და ფასეულობებით. მისივე თქმით, ამ უფლებების დაცვა საქართველოს მოქალაქეების არჩევანია.

1921 წლის კონსტიტუციის ავტორებმა მოახერხეს და შექმნეს ისეთი სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც თავისი ინდივიდუალურობითა და თანამიმდევრულობით გამოირჩეოდა პირველი მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის კონსტიტუციებს შორის.

დამოუკიდებელი საქართველოს კანონმდებლის ეს დოკუმენტი, თამამად შეიძლება განვიხილოთ მე-20 საუკუნის დასაწყისის მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე უფრო მოწინავე, პროგრესულ და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებულ უზენაეს საკანონმდებლო აქტად. 1921 წლის კონსტიტუციაში ასახულია იმ პერიოდის დასავლეთ ევროპაში ახლად ჩამოყალიბებული, თუ ჯერ კიდევ თეორიაში არსებული, ყველაზე უფრო პროგრესული სამართლებრივ-პოლიტიკური მოსაზრებები და მიმდინარეობები: მასში გათვალისწინებული საპარლამენტო სისტემა, სიკვდილის დასჯის კონსტიტუციური აკრძალვა, სიტყვის თავისუფლება, საყოველთაო საარჩევნო უფლება (მათ შორის, იმ პერიოდისათვის იშვიათი, ქალისა და მამაკაცის საარჩევნო თანასწორობა), ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის კონსტიტუციური დაკანონება, ე.წ. ჰებეას კორპუსი და მრავალი სხვა, რომლებიც თავისი პროგრესულობით გამოირჩეოდა არა მხოლოდ იმდროინდელ, არამედ თანამედროვე ევროპულ კონსტიტუციებს შორის.

1921 წლის კონსტიტუცია არის დასტური იმისა, რომ ადამიანის უფლებები საქართველოსთვის თავს მოხვეული, უცხო და „გარე სტანდარტი“ არ არის. ის არის საქართველოს მოქალაქეთა გაცხადებული არჩევანი, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა კონსტიტუციად აქციეს 1 საუკუნის წინ. ყველა ჩვენგანის ვალია ადამიანის უფლებების ჯეროვანი დაცვა ყოველდღიურ რეალობად ვაქციოთ და ამით ჩვენი სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა განვამტკიცოთ", - ვკითხულობთ ნინო ლომჯარიას აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს კონსტიტუცია პირველი რესპუბლიკის პირობებში, 1921 წლის 21 თებერვალს იქნა მიღებული. სწორედ ამ დროს თბილისის მისადგომებთან ქართული ჯარი წითელი არმიის დანაყოფებს ებრძოდა.

დოკუმენტი 1921 წლის მარტში ბათუმში, ნესტორ ხვინგიას სტამბაში, დაიბეჭდა.

კონსტიტუციის მიღებიდან ასი წლის იუბილე ქართველ ხალხს მიულოცეს აშშ-ის და ევროკავშირის საელჩოებმა საქართველოში.

 

 


close დახურვა