logo
ENG



ომბუდსმენი მოზარდის საქმეზე: დაკითხვის დროს გარემო იყო ბავშვებისთვის მტრულად განწყობილი

18 დეკ 201914:19
3 წუთის საკითხავი
 
pu3g8q2rww91sl5.jpg

„დაკითხვის დროს გარემო ქმნიდა მტრულ გარემოს ბავშვისთვის, რაც შეგვიძლია უკვე ჩავთვალოთ არასრულწლოვანთა კოდექსის დარღვევად", - ასე ეხმაურება სახალხო დამცველი ლუკა სირაძოის აგრდაცვალების ფაქტს და მომხდარზე დაწყებულ გამოძიებას. 

ნინო ლომჯარიას თქმით, დაკითხვის დროს არ დაცული არასრულწლოვნების ინტერესები, რაც ამ პროცესში ამოსავალი წერტილი უნდა ყოფილიყო.

„მოვედი, რომ ინსპექტორისგან მივიღო ინფორმაცია, რადგან ვიცი მხოლოდ ის, რაც ცნობილია საჯაროდ. ამოსავალი წერტილი არის ბავშვის ინტერესების დაცვა, ის რომ ბავშვის ინტერესებზე უნდა იყოს მორგებული გამოძიება, მაგრამ ის რაც გვესმის, მიგვანიშნებს, რომ განყოფილებაში არ იყო შემქნილი კეთილგანწყობილი გარემო და მიუხედავად იმისა, განხორციელდა თუ არა პირდაპირი იძულება, ფაქტია, რომ იქ გარემო ქმნიდა მტრულ გარემოს ბავშვისთვის, რაც შეგვიძლია უკვე ჩავთვალოთ არასრულწლოვანთა კოდექსის დარღვევად", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველი საუბრობს შესაძლო პროცედურულ დარღვევებზეც. ნინო ლომჯარიას თქმით, მისთვის უცნობია, იცოდნენ თუ არა არასრულწლოვნებმა, რომ მათ შეეძლოთ უარი ეთქვათ ჩვენების მიცემაზე.

„იყვენენ თუ არა ბავშვები ინფორმირებულნი, რომ გამოკითხვა იყო ნებაყოფლობითი. გარდაცვლილს ფაქტობრივად, სთხოვდნენ, რომ მიეცა ჩვენება საკუთარი თავის საწინააღმდეგოდ მაშინ, როცა შეეძლო, საერთოდ არ მიეცა ჩვენება", - ამბობს ნინო ლომჯარია.

ომბუდსმენის აზრით, ამ კონკრეტული საქმით კიდევ ერთხელ დასტურდება სისტემური ხასიათის პრობლემები ქართულ მართლმსაჯულებაში. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა არ ითვალისწინებს და შესაბამისად, არ ატარებს სტრასბურგის ევროპული სასამართლოს მიერ რეკომენდებულ ღონისძიებებს.

„ფაქტია, რომ გვაქვს სისტემურ პრობლემასთან საქმე და ეს ერთი ძალიან ტრაგიკული შემთხვევა უნდა იყოს საფუძველი სისტემური გამოსწორების. როცა პრობლემაზე ვსაუბრობ, ვგულისხმობ იმ შემთხვევებს, როცა აქვს ადგილი პოლიციელთა მხრიდან ძალის გადამეტებას ან დანაშაულის ჩადენას და სისტემა მათ აფარებს ხელს, წლების განმავლობაში გვაქვს ასეულობით შემთხვევა არასათანადო მოპყრობაზე. წელს გამოქვეყნდა სახალხო დამცველის ანგარიში, სადაც საუბარია, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში არავინ მიცემულა პასუხისგებაში და გამოძიება არის არაეფექტური. სწორედ ამიტომ შეიქმნა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური - ეს საქმე იქნება ამ სამსახურის ტესტი. მოვისმინეთ სტრასბურგის გადაწყვეტილებაც დაკავებულ პიროვნებასთან დაკავშირებით. არსებობს მთელი ჯგუფი მსგავსი გადაწყვეტილებებისა, სტრასბურგი ავალდებულებს სახელმწიფოს,გაატაროს ღონისძიებები, მაგრამ მათი დიდი ნაწილი არის აღსრულებელი. რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, ჩვენ ვსწავლობთ საქმეს კომპლექსურად, ჰქონდა თუ არა ბავშვს პრობლემები და აღმოუჩინეს თუ არა მას ფსიქოსოციალური დახმარება", - აცხადებს ნინო ლომჯარია.


close დახურვა