სახალხო დამცველი გაერთიანებული ოპოზიციის მიერ შედგენილ კანონპროექტს ოდირში გააგზავნის. ოპოზიციის წარმომადგენლებმა ე.წ. გერმანულ მოდელზე შექმნილი საარჩევნო სისტემის კანონპროექტი პარლამენტში უკვე დაარეგისტრირეს. ოპოზიციის ლიდერები მიიჩნევენ, რომ ეს კანონპროექტი სხვა არსებულ მოდელებს შორის ყველაზე სამართლიანია.
"ევროპული საქართველოს" წევრი სერგო რატიანი მიიჩნევს, რომ ოდირის დასკვნის შემდეგ, ხელისუფლება იძულებული იქნება საკონსტიტუციო ცვლილებები განახორციელოს.
"სახალხო დამცველი გადააგზავნის ამ კაკნონპროექტს და შეათანხმებს ეუთო-სთან. იქნება ოდირის დასკვნა. ამის შემდეგ ხელისუფლებას არ ექნება არანაირი სამართლებრივი საფუძველი, რომ დაბლოკოს ეს კანონი“, - განაცხადა სერგო რატიანმა.
საკითხს სკეპტიკურად უყურებს საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი ბათუ ქუთელია. ქუთელია ვარაუდობს, რომ მიუხედავად ეუთო-ს დასკვნისა, მმართველი გუნდი საარჩევნო ცვლილებებს არ დათანხმდება, რადგან, როგორც ქუთელია აცხადებს, ეს მათი მხრიდან ძალაუფლების დაკარგვას უტოლდება.
"ამ საკითხის ირგვლივ განვითარებული პოლიტიკური პროცესები მიანიშნებს იმაზე, რომ ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს სახელმწიფოს მიტაცება. შესაბამისად ნებისმიერი კომპრომისი მათი მხრიდან პროპორციული საარჩევნო სისტემის მიმართ, აღიქმება როგორც მაღალი ალბათობით შესაძლებლობა ხელისუფლების დაკარგვის. ამიტომ სკეპტიკურად ვუყურებ, იმას „ქართულმა ოცნებამ“ ეს მიიღოს და გააგრძელოს მუშაობა, მიუხედავად საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ამ იდეის მოწონებისა", - აღნიშნა ქუთელიამ.