„არ შეიძლება, ჩვენს მოქალაქეებს იტაცებდნენ და არ გვქონდეს ფორმატი, სადაც მათი დაბრუნების საკითხის განხილვა მოხდება“, - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, ოკუპანტების მიერ ზაზა გახელაძის გატაცებაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც ომბუდსმენმა აღნიშნა, ხელისუფლების მხრიდან მეტი ძალისხმევაა საჭირო იმისთვის, რომ მოლაპარაკებების ახალი ფორმატები შეიქმნას ან უკვე არსებული ამოქმედდეს.
„არ შეიძლება ასე დიდ ხანს გაგრძელება. არ შეიძლება, ჩვენს მოქალაქეებს იტაცებდნენ და არ გვქონდეს არანაირი ფორმატი, სადაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ან მისი კონტროლირებად ტერიტორიაზე დაბრუნების საკითხის განხილვა მოხდება. ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება. ეს ძალიან დაამძიმებს ადამიანის უფლებების მდგომარეობას. ამიტომ უფრო მეტი ძალისხმევა და ახალი ხედვაა საჭირო ამ მიმართულებით, თუ რა შეიძლება დამატებით ხელისუფლებამ გააკეთოს იმისთვის, რომ შექმნას ახალი ფორმატები ან ამოქმედდეს არსებული ფორმატები“, - განაცხადა ომბუდსმენმა.
შეგახსენებთ, ზაზა გახელაძე 11 ივლისიდან ოკუპანტების ტყვეობაშია - მას ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთასა და ე.წ. მესაზღვრეებისთვის ცეცხლის გახსნას ედავებიან. გახელაძე ფეხშია დაჭრილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვს.