logo
ENG



ომბუდსმენმა გიგიაძის საქმეზე საგარეო უწყების მხრიდან დისკრიმინაციული მოპყრობა დაადგინა

11 ივლ 202217:25
3 წუთის საკითხავი
 

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს მიმართვის საფუძველზე, ომბუდსმენმა დანიაში საქართველოს ყოფილი ელჩის გიგი გიგიაძის საქმეზე დისკრიმინაციული მოპყრობა დაადგინა.

მას შემდეგ, რაც გიგიაძემ 2020 წლის 7 ოქტომბერს პირად ფეისბუქზე გამოქვეყნებული სტატუსით საჯარო სოლიდარობა გამოუცხადა ე.წ. კარტოგრაფების საქმის ერთ-ერთ ფიგურანტ ივერი მელაშვილს, მას დიპლომატიური სამსახურის ვადა აღარ გაუგრძელეს და რეზერვში ჩარიცხვიდან 13 თვის განმავლობაში აღარც ახალი სამსახური შესთავაზეს.

სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ გიგი გიგიაძისთვის დიპლომატიური სამსახურის ვადის გაგრძელებაზე უარი და ასევე, არსებულ ვაკანსიებზე მისი კანდიდატურის განუხილველობა, განსხვავებული მოსაზრების გამოთქმის გამო მის მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობას წარმოადგენს.

ომბუდსმენის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან ვერ მიიღეს დამაჯერებელი დისკრიმინაციული მოპყრობის გამაქარწყლებელი ინფორმაცია, რაც "კიდევ უფრო ამყარებს დისკრიმინაციულ მოპყრობასთან დაკავშირებულ ეჭვს"

"განმცხადებლისთვის მივლინების ვადის გაგრძელებაზე უარი, ასევე 13 თვის განმავლობაში კონკრეტულ ვაკანსიაზე მისი კანდიდატურის განუხილველობა დროში ემთხვევა მის საჯაროდ გამოხატულ კრიტიკულ პოზიციას. ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან დამაჯერებელი/სარწმუნო და დისკრიმინაციული მოპყრობის გამაქარწყლებელი ინფორმაციის წარმოუდგენლობა კიდევ უფრო ამყარებს აღნიშნულ ეჭვს და, რეალურად, ვერ უზრუნველყოფს დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის გაქარწყლებას. ამდენად, საქმის მასალების შეფასების შედეგად, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ განმცხადებლისთვის მივლინების ვადის გაგრძელებაზე უარი და ასევე მისთვის 2021 წლის 1 მარტიდან (რეზერვში ჩარიცხვის დღიდან) მისი კანდიდატურის კონკრეტულ ვაკანსიაზე განუხილველობა მის მიმართ განსხვავებული მოსაზრების გამო დისკრიმინაციული მოპყრობას წარმოადგენს.

საქართველოს სახალხო დამცველი მიმართავს საგარეო საქმეთა სამინისტროს:

  • განიხილოს განმცხადებელთან მისი კვალიფიკაციის ტოლფასი პოზიციის/პოზიციების შეთავაზება;
  • მომავალში არ დაუშვას განსხვავებული მოსაზრების ან/და სხვა ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობა და საქმიანობა წარმართოს თანასწორობის პრინციპის დაცვით, მათ შორის, უზრუნველყოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკის დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონთან შესაბამისობა.

სახალხო დამცველის გადაწყვეტილება სრულად ნახეთ აქ.


close დახურვა