logo
ENG



ომბუდსმენმა 2 კომპანიაში ქალების მიმართ სექსუალური შევიწროება დაადგინა

13 ივლ 202218:11
3 წუთის საკითხავი
 
ომბუდსმენმა 2 კომპანიაში ქალების მიმართ სექსუალური შევიწროება დაადგინა

სახალხო დამცველმა 2 კომპანიაში მომუშავე ქალების მიმართ სექსუალური შევიწროება დაადგინა. 

სახალხო დამცველმა 2022 წლის 5 ივლისს რეკომენდაციებით მიმართა შპს ფაქტორი გრუპისა და CD Company-ის დირექტორებს და მოუწოდა მათ, მომავალში არ შეავიწროვონ დასაქმებულები და არ შეუქმნან თანამშრომლებს შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი ან/და მათი ღირსებისთვის შეუსაბამო გარემო.

სახალხო დამცველის აპარატში განმცხადებელთა ინტერესებს საფარი წარმოადგენდა.

ომბუდსმენის განცხადებით, საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, შპს ფაქტორი გრუპში სამსახურის დაწყებიდან ცოტა ხანში, კომპანიის დირექტორმა განმცხადებელთან არასამსახურეობრივ საკითხებზე სისტემატური მიმოწერა დაიწყო. მიმოწერისას იგი ხაზს უსვამდა ქალის გარეგნობას და ირიბად მიანიშნებდა, რომ მისი კარიერული წინსვლა მის ქცევაზე იყო დამოკიდებული.

მას შემდეგ, რაც ქალმა დამსაქმებელს განუმარტა, რომ ჰყავდა მეგობარი მამაკაცი და მისთვის უსიამოვნო და მიუღებელი იყო უფროსთან პირად საკითხებზე კომუნიკაცია, დირექტორმა თანამშრომლის საქმიანობასთან დაკავშირებით უკმაყოფილების გამოხატვა დაიწყო. შედეგად, ქალს სამსახურის დატოვება მოუწია.

საგულისხმოა, რომ საქმეში არსებული გარემოებებისა და მტკიცებულებების ანალიზის შედეგად სახალხო დამცველმა პირველად დაადგინა სექსუალური შევიწროების სახე - „მომსახურება მომსახურების სანაცვლოდ (Quid Pro Quo)“.

მსგავს პრობლემები შეექმნა შპს CD Company-ში დასაქმებულ ქალს, რომელთანაც თითქმის სამსახურის დაწყებისთანავე დაიწყო კომპანიის დირექტორმა არასამსახურებრივ საკითხებზე სისტემატური მიმოწერა.

ქალმა თავიდანვე განუმარტა თავის უფროსს, რომ მისთვის მიუღებელი იყო პირად ცხოვრებაზე საუბარი, თუმცა, დამსაქმებელი მაინც აგრძელებდა პირადი ცხოვრების შესახებ შეკითხვების დასმასა და მის მიმართ სიმპათიის გამოხატვას. დამსაქმებელი ასევე, აქტიურად ადევნებდა თვალს განმცხადებლის სოციალურ ქსელს და ცალკეული ფოტოს შესახებ თავის აზრებსაც უზიარებდა. მას შემდეგ, რაც განმცხადებელმა დამსაქმებელი ყველა სოციალურ ქსელში დაბლოკა, დირექტორს მისი საქმიანობა უკვე აღარ მოსწონდა და ხშირად გამოხატავდა უკმაყოფილებას.

შედეგად, ამ ქალსაც მოუწია სამსახურის დატოვება.

სახალხო დამცველმა თავის რეკომენდაციებში კომპანიის ხელმძღვანელებს მოუწოდა, სექსუალური შევიწროების პრევენციის მიზნით, შეიმუშაონ შიდაორგანიზაციული დოკუმენტი, რომელშიც გათვალისწინებული იქნება სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტის გასაჩივრებისა და შესწავლის პროცედურები.


close დახურვა