logo
ENG



ომის ერთი წელი მთავარ კადრებში - ქრონოლოგია
24 თებ 202316:00
984

ზუსტად 1 წლის წინ, 2022 წლის 24 თებერვალს რუსი ოკუპანტების ჯარი უკრაინაში შეიჭრა და, როგორც ბორის ჯონსონმა უწოდა, ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე "დიდი ომი" დაიწყო. ამასთანავე ეს 21-ე საუკუნის ევროპაში პუტინის მესამე ომია - 2008 წლის აგვისტოში საქართველოში, ხოლო 2014 წელს დონბასში შეჭრის შემდეგ. უკრაინაში მიმდინარე ომი, რომლის დაწყების საფრთხეებზე უკრაინაც და აშშ-ც ჯერ კიდევ 2021 წლის ბოლოდან საუბრობდნენ და რომლის უკანონობასა და არაპროვოცირებულობაშიც დასავლეთს ეჭვი აღარ ეპარება, შეჭრის დღიდანვე მოექცა მსოფლიოს ყურადღების ცენტრში და უკრაინამაც პუტინის წინააღმდეგ გაერთიანებული დასავლეთისგან უპრეცედენტო მხარდაჭერა მიიღო.  

სტატია ომის დაწყებიდან 1 წლის განმავლობაში მომხდარ ძირითად ამბებს ქრონოლოგიურად, ყველაზე დასამახსოვრებელი კადრების კვალდაკვალ შეგახსენებთ.

თებერვალი - ომის დასაწყისი

"ძვირფასო უკრაინის მოქალაქეებო. დღეს დილით პრეზიდენტმა პუტინმა გამოაცხადა "სპეციალურ სამხედრო ოპერაცია" დონბასში. რუსეთმა განახორციელა დარტყმები ჩვენს სამხედრო ინფრასტრუქტურაზე, ჩვენს მესაზღვრეებზე. უკრაინის ბევრ ქალაქში ისმოდა აფეთქებები. ჩვენ ვაცხადებთ

სამხედრო მდგომარეობას სახელმწიფოს მთელ ტერიტორიაზე. რამდენიმე წუთის წინ ვესაუბრე პრეზიდენტ ბაიდენს, აშშ იწყებს საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზებას. ყველა თქვენგანისგან საჭიროა სიმშვიდე, შესაძლებლობის შემთხვევაში, გთხოვთ, დარჩით სახლში.

ჩვენ ვმუშაობთ, ჯარი მუშაობს, მუშაობს უსაფრთხოების მთელი სექტორი და უკრაინის დაცვა. თქვენთან მუდმივად ვიქნები კავშირზე მეც, უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოც, უკრაინის მინისტრთა კაბინეტიც. მალე კვლავ გამოვალ კავშირზე. პანიკის გარეშე, ჩვენ ძლიერები ვართ, ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ, ჩვენ ყველაფერზე გავიმარჯვებთ იმიტომ, რომ ჩვენ უკრაინა ვართ. დიდება უკრაინას. - ეს იყო ვოლოდიმირ ზელენსკის პირველი ვიდეომიმართვა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ.

24 თებერვალს გამთენიისას რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ. პუტინის თქმით, დონბასში "სპეციალური სამხედრო ოპერაცია" მიმართული იყო "დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციისკენ" უკრაინაში მცხოვრები ეთნიკურად რუსების "დასაცავად", მიზანი უკრაინის NATO-ს წევრობისთვის ხელშეშლა და რუსეთის გავლენის სფეროში შენარჩუნება იყო. 

ფოტო: Gleb Garanich / REUTERS - უკრაინელი სამხედროები ცენტრალურ კიევში პოზიციებს იკავებენ.

ამავე დღეს რუსმა სამხედროებმა მალევე მიაღწიეს კიევამდე, თუმცა მათი მხრიდან დედაქალაქის და ჩრდილო-აღმოსავლეთის სხვა ქალაქების დაკავების მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. 25 თებერვალს ვოლოდიმირ ზელენსკიმ მისი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად კიევის ქუჩებში გადაღებული ვიდეო გაავრცელა იმის დასტურად, რომ ის და მისი გუნდი ქვეყანაში რჩებოდა.

28 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვერხოვნა რადას თავმჯდომარესთან რუსლან სტეფანჩუკთან და პრემიერმინისტრ დენის შმიჰალთან ერთად ოფიციალურად მოაწერა ხელი უკრაინის ევროკავშირის წევრობის განაცხადს.

"ჩვენი მიზანია, ვიყოთ ყველა ევროპელთან ერთად და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვიყოთ თანაბარ პირობებში. დარწმუნებული ვარ, ეს სამართლიანია. დარწმუნებული ვარ, ეს შესაძლებელია“ - განაცხადა ზელენსკიმ 28 თებერვლის ვიდეომიმართვაში.

ფოტო: Ukrainian Presidential Press Service

მარტი

2 მარტს რუსეთმა განაცხადა, რომ უკრაინის სამხრეთში მდებარე ქალაქ ხერსონზე კონტროლი დაამყარა. მარტის დასაწყისში რუსულმა ძალებმა ხერსონის და ზაპოროჟიეს რეგიონების ოკუპაცია მოახდინეს. დაიკავეს და მას შემდეგ არაერთხელ მიიტანეს იერიში ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, რომელიც ევროპაში უდიდესია. 

მარტის დასაწყისში რუსულმა ძალებმა დაბომბეს მარიუპოლში არსებული სამშობიარო, რის შედეგადაც სულ მცირე 17 ადამიანი დაშავდა. მომხდარი დაგმეს დასავლელმა ლიდერებმა.Evgeniy Maloletka/AP

ფოტო: Evgeniy Maloletka/AP

16 მარტს რუსეთმა სარაკეტო თავდასხმა განახორციელა სტრატეგიულ საპორტო ქალაქ მარიუპოლში არსებულ თეატრზე, რომელსაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ბავშვები აფარებდნენ თავს. შედეგად დაიღუპა ასობით ადამიანი.

ფოტო: Reuters - დაბომბილი თეატრი მარიუპოლში, წარწერა "ბავშვები"

ასევე 16 მარტს უკრაინაში პოლონეთიდან მატარებლით ევროპელი ლიდერები ჩავიდნენ. სლოვენიის, პოლონეთის და ჩეხეთის პრემიერმინისტრები, იანეზ იანშა, მატეუშ მორავიეცკი და პეტრ ფიალა, ასევე პოლონეთის მმართველი პარტიის ლიდერი იაროსლავ კაჩინსკი იყვნენ პირველები, ვინც ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში მხარდაჭერის ნიშნად ჩავიდნენ და ხელისუფლებას შეხვდნენ.

ფოტო: Mateusz Morawiecki / Twitter

29 მარტს რუსეთმა განაცხადა, რომ დატოვა კიევი და ახლომდებარე რეგიონები, საოკუპაციო ძალების თქმით, მათი მიზანი აღმოსავლეთში, დონბასის რეგიონზე კონცენტრირება იყო, სადაც რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტული ძალები 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ ებრძოდნენ უკრაინის ძალებს.

ომის დაწყების შემდეგ უკრაინიდან მეზობელ ქვეყნებსა და ევროპაში მიგრაცია დაიწყო. გაეროს დევნილთა სააგენტოს ცნობით 2023 წლის 15 თებერვლის მონაცემებით, ევროპის ტერიტორიაზე 8 075 440 უკრაინელი მიგრანტია, რაც უკრაინის მოსახლეობის 19%-ს შეადგენს. სააგენტოს ცნობით, უკრაინიდან მიგრაციამ პიკს 2022 წლის 7 მარტს მიაღწია, როცა ქვეყანა 200 000-მა მოქალაქემ დატოვა. უკრაინელებისთვის ევროპაში გადასვლა პოლონეთის გავლით იყო შესაძლებელი, თუმცა მათი დიდი ნაწილი 1 563 386 ადამიანი დევნილად პოლონეთშია რეგისტრირებული.

ფოტო: Louisa Gouliamaki/AFP - უკრაინელი მიგრანტები პოლონეთში

ფოტო: Salwan Georges/The Washington Post - გიორგი ქებურია ემშვიდობება ცოლს და შვილებს ოდესის რკინიგზის სადგურში 

აპრილი

კიევიდან რუსული ძალების გასვლის შემდეგ რეგიონში შესულ უკრაინულ ძალებს არაერთ ქალაქში საზარელი სურათი დახვდათ. კიევის გარეუბანში მდებარე ქალაქ ბუჩაში აღმოაჩინეს ასობით მოქალაქის ცხედარი მასობრივ საფლავებსა და ქუჩებში. ცხედრებს ეტყობოდათ წამების კვალი. 

ფოტო: AFP

ფოტო: Zohra Bensemra / Reuters

ბუჩაში მომხდარი მსოფლიო ლიდერებმა დაგმეს და ომის დანაშაულების გამო რუსეთის პასუხისმგებლობაზე დაიწყეს საუბარი. 

“შოკირებული ვარ ბუჩაში, უკრაინაში მოკლული მოქალაქეების ფოტოებით. აუცილებელია რომ დამოუკიდებელმა გამოძიებამ მიგვიყვანოს ეფექტურ პასუხისგებაში მიცემაზე“ - განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერეშმა.

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა კი განაცხადა, რომ ამგვარი სისასტიკე ევროპას ათწლეულების განმავლობაში არ უნახავს. „ეს საზარელი და აბსოლუტურად მიუღებელია“ - თქვა მან.

4 აპრილს ვოლოდიმირ ზელენსკი ბუჩაში ჩავიდა. 

ფოტო: AFP

8 აპრილს კიევში ვიზიტისას ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ვოლოდიმირ ზელენსკის ევროკავშირის წევრობის კითხვარი გადასცა და განაცხადა, რომ უკრაინის "გზა ევროკავშირამდე იწყება".

ფოტო: Ukrainian Presidential Press Service

9 აპრილს რუსეთმა უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ კრამატორსკზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 52 მოქალაქე დაიღუპა, 100-ზე მეტი კი დაშავდა.

ამავე დღეს უკრაინას ეწვია ბორის ჯონსონიც, ვინც ამ დროისთვის უკრაინის ერთ-ერთი უდიდესი მხარდამჭერი ქვეყნის, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი იყო. ის უკრაინაში სამჯერ ჩავიდა, ბოლოს 2023 წლის იანვარში, არაოფიციალური ვიზიტით.

"ჯონსონი უკრაინაში პრეზიდენტ ზელენსკისთან პირადად შესახვედრად გაემგზავრა, რათა უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობა გამოეხატა" - განაცხადა დაუნინგ სტრიტის ადმინისტრაციამ 9 აპრილის ვიზიტზე.

ფოტო: UKRAINIAN PRESIDENCY/ANADOLU AGENCY

ამავე პერიოდში შეტაკებები მიმდინარეობდა მარიუპოლში, აზოვის ზღვასთან. რუსეთის მხრიდან საჰაერო და საარტილერიო თავდასხმებმა ქალაქი თითქმის მიწასთან გაასწორა.

13 აპრილს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარაკეტო კრეისერ მოსკვას უკრაინული რაკეტა მოხვდა და მომდევნო დღეს ჩაიძირა. რუსეთი თავდაპირველად აცხადებდა, რომ გემზე ხანძარი საბრძოლო მასალის აფეთქების გამო გაჩნდა, მოგვიანებით კი კრეისერის ჩაძირვა შტორმს დააბრალეს.

ეს ის საბრძოლო გემია, რომელსაც 24 თებერვალს კუნძულ ზმეინიდან უკრაინელებისადმი დანებების მოთხოვნაზე პასუხად უკრაინელმა ჯარისკაცმა მიმართა: "Русский военный корабль, иди на **й!". ამ მოვლენას უკრაინამ საფოსტო მარკაც მიუძღვნა.

სამხედრო ხომალდი "მოსკვა" 2008 წელს რუსეთმა საქართველოზე თავდასხმაშიც გამოიყენა.

მაისი

9 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინის ლენდ-ლიზის კანონს ხელი მოაწერა.

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად მხარი დაუჭირა "უკრაინის დემოკრატიის დაცვის ლენდ-ლიზის 2022 წლის აქტის" მიღებას.

ამან პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მისცა შესაძლებლობა, უკრაინას უფრო სწრაფად გაუგზავნოს იარაღი და საჭირო მარაგები რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლისას.

"მადლობა ამერიკის პრეზიდენტს და ამერიკელ ხალხს ჩვენი თავისუფლებისა და მომავლისთვის ბრძოლაში მხარდაჭერისთვის. ლენდ-ლიზის კანონის დღევანდელი ხელმოწერა ისტორიული ნაბიჯია. დარწმუნებული ვარ, ისევ ერთად გავიმარჯვებთ და დავიცავთ დემოკრატიას უკრაინასა და ევროპაში, როგორც 77 წლის წინ"- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლინდ-ლიზის კანონის მიღებაზე.

ფოტო: Maxar Technologies - დაზიანებული აზოვსტალის ქარხანა

16 მაისს მარიუპოლში მდებარე აზოვსტალის ქარხნის უკრაინელი მცველები თითქმის 3-თვიანი გმირული ალყის შემდეგ რუსულ ძალებს დანებდნენ. ეს იყო ბოლო წერტილი მარიუპოლში, რომელსაც უკრაინელები აკონტროლებდნენ. 211 უკრაინელი სამხედრო რუსეთის ძალებმა დონეცკის ტერიტორიაზე, ქალაქ ოლენივკაში გადაიყვანეს.

ფოტო: Dmytro 'Orest' Kozatsky/Azov regiment - აზოვსტალის ქარხანა, აზოვის მცველი 

11 მაისს ხერსონის ე.წ სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ კირილ სტრემუსოვმა განაცხადა, რომ ხერსონის ე.წ ხელისუფლება მოითხოვს, რომ ოფიციალურად რუსეთის ფედერაციის ნაწილი გახდეს.

18 მაისს ფინეთმა და შვედეთმა NATO-ს შეერთების შესახებ განაცხადი გააკეთეს, რაც პუტინის სურვილის წინააღმდეგ სამხედრო ალიანსის გაზრდისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი იყო.

25 მაისს კი რუსეთის სახელმწიფო დუმამ მიიღო კანონი, რომლითაც უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლისთვის სამხედროების გაწვევის ასაკი 45 წლამდე გაიზარდა.

ივნისი

პირველ ივნისს აშშ უკრაინისთვის HIMARS რაკეტების გადაცემაზე შეთანხმდა, იმ პირობით, თუ უკრაინა მათ რუსეთში არსებული სამიზნეების წინააღმდეგ არ გამოიყენებდა.

11 ივნისს პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ხერსონზე შეტევას იწყებდა.

22 ივნისს უკრაინის მხრიდან ნასროლი ორი დრონი რუსეთის საზღვართან ნოვოშახტინსკში რუსეთის ნავთობის ქარხანას მოხვდა. 

23 ივნისს ევროპულმა საბჭომ უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭა.

„შეთანხმება. ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა, უკრაინას და მოლდოვას მიანიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ეს ისტორიული მომენტია. დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი ნაბიჯია ევროკავშირისკენ თქვენს გზაზე“ - დაწერა ტვიტერზე შარლ მიშელმა.

ივნისის ბოლოს უკრაინამ კონტროლი დაიბრუნა კუნძულ ზმეინიზე, რომელიც რუსეთის შეჭრის პირველი დღეებიდან ოკუპირებული იყო.

ფოტო: Ukrainian Defence Ministry Press Office - უკრაინული დროშა კუნძულ ზმეინიზე

ივლისი

2022 წლის ივლისში თურქეთისა და გაეროს შუამდგომლობით რუსეთმა და უკრაინამ მიაღწიეს შეთანხმებას უკრაინის შავი ზღვის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტის შესახებ. პორტების ბლოკადა საკვების გლობალური უსაფრთხოების კუთხით საფრთხეებს ქმნიდა, რაც მსოფლიო ლიდერებმა დაგმეს. შეთანხმების დადებიდან 24 საათზე ნაკლებ დროში კი რუსეთმა ოდესის პორტი დაბომბა.

29 ივლისს რუსეთმა დაბომბა დონეცკის ქალაქი ოლენივკა, სადაც რუსულ ძალებს აზოვსტალის ტყვედ აყვანილი მცველები ჰყავდათ. შედეგად 53 ადამიანი დაიღუპა. რუსეთმა მომხდარზე პასუხისმგებლობა არ აიღო და უკრაინა დაადანაშაულა.

ფოტო: Alexander Ermochenko / Reuters - ოლენივკას იზოლატორი დაბომბვის შემდეგ 

ასევე ივლისში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პირველად აღნიშნა, რომ დასავლეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო დაწესებული სანქციები რუსეთისთვის "დიდ სირთულეებს იწვევდა", თუმცა პუტინის თქმით, თანამედროვე სამყაროში რუსეთის სრულად იზოლირება "შეუძლებელია" და რუსეთი ახალი გამოსავლის ძებნას დაიწყებდა.

აგვისტო

1 აგვისტოს პირველ აგვისტოს მარცვლეულით დატვირთულმა პირველმა გემმა დატოვა ოდესის პორტი და თურქეთის ზედამხედველობის ქვეშ ლიბანისკენ გაემართა.

3 აგვისტოს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა რაფაელ გროსიმ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური წყობიდანაა გამოსული და რომ IAEA-ის მისია ადგილზე ჩასვლას და სადგურის დათვალიერებას გეგმავდა. ექსპერტთა ჯგუფი ადგილზე 29 აგვისტოს ჩავიდა, ხოლო 6 სექტემბერს გამოაქვეყნა დასკვნა და ელექტროსადგურის ირგვლივ უსაფრთხოების ზონის დაუყოვნებლივ შექმნა მოითხოვა.

ოკუპირებული ზაპოროჟიეს პრორუსულმა ე.წ ხელმძღვანელობამ აგვისტოში განაცხადა, რომ რუსეთთან შეერთების შესახებ რეფერენდუმი 1 თვეში გაიმართებოდა.

9 აგვისტოს უკრაინის ძალებმა იერიში მიიტანეს ყირიმში არსებულ ავიაბაზაზე, დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ კი რაკეტა ტყვია-წამლის საწყობს ესროლეს, რითაც შავ ზღვაში მდებარე ნახევარკუნძულზე, რომელიც ომის დაწყებიდან რუსული ძალების მომარაგების მნიშვნელოვანი გზა იყო, მოსკოვის გავლენის შესუსტება დაიწყო.

აგვისტოს ბოლოდან უკრაინამ განაცხადა, რომ სამხრეთის მიმართულებით მძლავრ კონტრშეტევას იწყებდა.

სექტემბერი

6 სექტემბრიდან უკრაინულმა ძალებმა დაიწყეს კონტრშეტევა ხარკივის რეგიონში და რუსულ ძალებს თვეების შემდეგ აიძულეს უკან დახევა.

11 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ ხარკივის რეგიონი გაათავისუფლა და ჯამში 6 000 კვადრატული კმ-ის ფართობის ტერიტორია დაიბრუნა. საპასუხოდ რუსეთმა უკრაინის ინფრასტრუქტურას შეუტია და მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიისა და წყლის გარეშე დატოვა.

ფოტო: AFP - უკრაინელი სამხედროები ხარკივში, გათავისუფლებულ ქალაქ ვასილენკოვეში

16 სექტემბერს ხარკივის რეგიონში, გათავისუფლებულ იზიუმში ერთ-ერთი უდიდესი მასობრივი სასაფლაო იპოვეს, სადაც 440 ადამიანი იყო დაკრძალული. ზოგ სამარხზე ხის ჯვარი იყო აღმართული, რომელზეც რიცხვები იყო დატანილი. 26 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტმა განცხადა, რომ დეოკუპირებულ იზიუმში კიდევ ორი ახალი მასობრივი სამარხი იპოვეს. 

"იპოვეს კიდევ ორი მასობრივი სამარხი, დიდი სასაფლაოები, სადაც ასობით ადამიანია დამარხული. საუბარია პატარა ქალაქ იზიუმზე. პატარა ქალაქში კიდევ ორი მასობრივი სამარხი - აი რა ხდება", - თქვა ზელენსკიმ.

ფოტო: Juan Barreto/AFP via Getty Images

რუსეთში ყველაზე მასშტაბური სამხედრო მობილიზაცია, რომელიც უკრაინაში საბრძოლველად 300 000 რეზერვისტის გაწვევას მოიცავდა 21 სექტემბერს გამოცხადდა. ეს რუსეთის მხრიდან არაპოპულარულ ნაბიჯად მიიჩნევა. მობილიზაციის ასაკს მიღწეული კაცების ნაწილმა რუსეთის მასობრივად დატოვება დაიწყეს და თავი მეზობელ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს შეაფარეს.

23 სექტემბერს რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთთან შეერთების შესახებ "რეფერენდუმები" გაიმართა, რომელიც დასავლეთმა დაგმო და ყალბად მიიჩნია. ყალბი რეფერენდუმების ყალბი შედეგების მიხედვით, 4 ოკუპირებული რეგიონის: დონეცკის, ლუჰანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა რუსეთთან შეერთების მომხრე იყო.

რამდენიმე დღეში, 29 სექტემბერს რუსეთმა უკრაინის ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების "დამოუკიდებლობა" აღიარა, 30 სექტემბერს კი კრემლში დაგეგმილ ცერემონიალზე 4 რეგიონის ე.წ ხელმძღვანელებთან ერთად პუტინმა უკრაინის ტერიტორიების ანექსია გამოაცხადა.

ფოტო: Getty Images

ოქტომბერი

უკრაინის მიერ 2022 წელს მიღებულ ჯილდოთაგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნობელის პრემია მშვიდობის დარგში, რომელიც ბელარუს და რუს უფლებადამცველებთან ერთად უკრაინის უკრაინის სამოქალაქო თავისუფლებების ცენტრს 7 ოქტომბერს გადაეცა.

ფოტო: The Nobel Prize

8 ოქტომბერს ყირიმის ხიდი აფეთქდა, ცეცხლი სატვირთო მანქანას გაუჩნდა, რის შედეგადაც ნაწილობრივ ჩამოინგრა საავტომობილო გზაც.

"ყირიმი, ხიდი, დაიწყო. ყველაფერი უკანონო უნდა დაინგრეს, ყველაფერი მოპარული - დაუბრუნდეს უკრაინას, ყველაფერი ოკუპირებული რუსეთის მიერ - განიდევნოს", - აფეთქების შესახებ დაწერა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელმა, მიხაილო პოდოლიაკმა.

ფოტო: UKRAINE SECURITY SERVICE

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა (FSB) 12 ოქტომბერს განაცხადა, რომ ყირიმის ხიდზე "ტერორისტული თავდასხმის" ორგანიზატორი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარო სადაზვერვო დირექტორატის ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი, მისი თანამშრომლები და აგენტები იყვნენ და "აფეთქების სქემაში" საქართველოს, უკრაინის, რუსეთისა და სომხეთის მოქალაქეები მონაწილეობდნენ.

უკრაინას მომხდარზე პასუხისმგებლობა არ აუღია.

რუსეთმა კი 10 ოქტომბერს, "ყირიმის ხიდზე თავდასხმის საპასუხოდ" უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურაზე მასშტაბური იერიში მიიტანა. რუსული ძალები ქვეყნის მთელ ტერიტორიას ბომბავდნენ, მათ შორის დედაქალაქ კიევსაც.

შეიძლება ითქვას, რომ 10 ოქტომბერი უკრაინისთვის კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მხრიდან გამიზნული თავდასხმების საწყისი იყო.

ფოტო: Gleb Garanich / Reuters - კიევი რუსეთის მასშტაბური სარაკეტო თავდასხმის შემდეგ

18 ოქტომბერს ხერსონის ე.წ ხელისუფლებამ ადგილობრივი მოსახლეობის მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან მარცხენა სანაპიროსა და რუსეთში ევაკუაცია დაიწყო. რუსეთი აცხადებდა, რომ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც უკრაინის ჯარმა რეგიონზე კონტრშეტევა დაიწყო, რითაც, მათი თქმით, მოსახლეობას საფრთხე შეექმნა. მარჯვენა სანაპირო დატოვა რუსეთის მიერ ხერსონში დანიშნულმა ე.წ ადმინისტრაციამაც. 

ოქტომბრის ბოლო დღეს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა კიევში, ხარკივში, ზაპოროჟიეში, ჩერკასიში და კიროვოჰრადში ენერგოინფრასტქურქტურას 50-ზე მეტი რაკეტა ესროლეს. პრემიერმინისტრის დენის შმიჰალის ცნობით, ამ თავდასხმის შემდეგ კიევის მოსახლეობის 40%-ს წყალი არ მიეწოდებოდა, 300 ათასამდე ადამიანი კი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

ნოემბერი

ნოემბრის დასაწყისში რუსეთმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის დასრულება გამოაცხადა.

უკრაინა მკვეთრად დაწინაურდა ანექსირებული ხერსონის რეგიონში და საბოლოოდ 9 ნოემბერს წარმატებული კონტრშეტევის შემდეგ უკრაინის ძალებმა ოკუპანტები ქალაქი ხერსონიდან გააძევეს. რუსებისგან ქალაქის გათავისუფლების შემდეგ მოსახლეობა ხერსონის ცენტრში შეიკრიბა, ქალაქში უკრაინის ხელისუფლება დაბრუნდა. 14 ნოემბერს კი ქალაქს პრეზიდენტი ზელენსკიც ეწვია.

ფოტო: The Associated Press - ხერსონის მოსახლეობა ქალაქის ოკუპანტებისგან გათავისუფლებას ზეიმობს.

14 ნოემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთს დააკისრა უკრაინაში შეჭრით გამოწვეულ ზარალზე პასუხისმგებლობა და რეპარაციები მოითხოვა.

23 ნოემბერს კი ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა და დასავლეთს მისთვის მეტი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა.

30 ნოემბერს ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის სახელით სპეციალური სასამართლოს შექმნის შესახებ ისაუბრა, რომელიც უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილ ომის დანაშაულებს გამოიძიებს და პასუხისმგებელ პირებს დასჯის.

"რუსეთის უკრაინაში შეჭრამ მოიტანა სიკვდილი, ნგრევა და აღუწერელი ტანჯვა. რუსეთმა უნდა ზღოს საკუთარი საშინელი დანაშაულების გამო, მათ შორის აგრესიული დანაშაულის სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ამიტომ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსადმი მხარდაჭერის გაგრძელების პარალელურად, რუსეთის აგრესიული დანაშაულების გამოძიებისა და სისხლის სამართლებრივი დევნის მიზნით, ჩვენ გთავაზობთ სპეციალიზებული სასამართლოს შექმნას, რომელსაც გაერო დაუჭერს მხარს" - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

დეკემბერი

წლის მიწურულს ჟურნალმა Time-მა 2022 წლის ადამიანად უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და უკრაინული სული დაასახელა.

დეკემბრის დასაწყისში რუსეთის პრეზიდენტმა აღიარა, რომ უკრაინაში "სამხედრო ოპერაცია" იმაზე მეტხანს გაგრძელდა ვიდრე მოსალოდნელი იყო.

21 დეკემბერს ომის დაწყებიდან პირველად პრეზიდენტი ზელენსკიმ დატოვა უკრაინის ტერიტორია და აშშ-ში ჩავიდა, ჯო ბაიდენს შეხვდა და აშშ-ის კონგრესს მიმართა.

ეს იყო პირველი შემთხვევა უინსტონ ჩერჩილის შემდეგ, როცა უცხოელი ლიდერი შეერთებულ შტატებში მაშინ ჩავიდა, როცა მისი ქვეყანა ომში იყო.

"დღეს, როცა აქ ვდგავარ ვიხსენებ პრეზიდენტ ფრენკლინ დელანო რუზველტის სიტყვებს "ამერიკელი ხალხი თავისი მართალი ძალით გაიმარჯვებს აბსოლუტური გამარჯვებით". უკრაინელი ხალხიც გაიმარჯვებს, აბსოლუტურად" - განაცხადა ზელენსკიმ კონგრესისადმი მიმართვისას.

ფოტო: JACQUELYN MARTIN / AP

22 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი "ომად" პირველად მოიხსენია.

დეკემბრის ბოლოს გამოცემა Associated Press-მა სატელიტურ ფოტოებზე დაყრდნობით, ოკუპირებულ მარიუპოლსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე სულ მცირე 10 300 ახალი საფლავი აღმოაჩინა.

ფოტო: Maxar Technologies - სატელიტურ ფოტოებში მარიუპოლში მდებარე სასაფლაოს ფართობის ზრდაა ასახული.

გამოცემის თქმით, საფლავების უმეტესობა სტარი კრიმის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზეა. მარტიდან დეკემბრამდე გადაღებული სატელიტური ფოტოების ანალიზის შედეგად დადგინდა ის ადგილები, რომლებიც ოკუპანტებმა მასობრივი საფლავებისთვის გამოიყენეს.

ფოტო: VALENTYN OGIRENKO/REUTERS

ახალი წელი უკრაინაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია. კიევში, ევრომაიდანზე ენერგოინფრასტრუქტურის დაზიანებების ფონზე თეთრი მტრედებით გაფორმებული მოკრძალებული ნაძვის ხე 19 დეკემბერს დადგეს.

"რუსები ცდილობენ, ჩვენს მოქალაქეებს ნორმალური ცხოვრება მოჰპარონ, მაგრამ ჩვენ მათ არ მივცემთ შესაძლებლობას, ჩვენს ბავშვებს მოჰპარონ უდიდესი დღესასწაულები - ახალი წელი და შობა" - განაცხადა კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა სარაკეტო იერიში 31 დეკემბერსაც მიიტანა, დედაქალაქში 10-მდე აფეთქება იყო, მოსახლეობის ნაწილი ახალ 2023 წელს ქუჩაში, ნაძვის ხესთან შეხვდა.

შუაღამის შემდეგ ქალაქში კიდევ 2 აფეთქების ხმა გაისმა და მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის ქუჩები დიდწილად ცარიელი იყო საცხოვრებელი სახლებიდან მოსახლეობა ეროვნულ ჰიმნს მღეროდა.

2023 წელი

იანვარი

პირველი იანვრის ღამით, ახალი წლის დადგომიდან რამდენიმე საათში რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში აფეთქებები მოხდა. ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა, თუმცა ცნობები უკრაინულ ტელეგრამ არხებში ვრცელდებოდა.

"კურსკი, ბერგოლორი, მოსკოვი, ვორონეჟი, სანქტ-პეტერბურგი, მაკეევკა, როგორ არის თქვენი საქმეები? არ გძინავთ? ჩვენ პოლიტიკით არ ვინტერესდებით? სახეზე რა გჭირთ? რით შეგვიძლია დაგეხმაროთ?", - წერდა უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ტელეგრამში.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ანდრეი ერმაკმა ტვიტერზე დაწერა: "საინტერესო საღამოა".

14 იანვარს რუსეთმა კიდევ ერთი მასშტაბური იერიში მიიტანა უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურაზე. დაბომბვისას რაკეტა ქალაქ დნიპროში საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, შედეგად 45 ადამიანი დაიღუპა.

ფოტო: AFP / Ukrainian Emergency Service

18 იანვარს კიევის რეგიონის ქალაქ ბროვარიში საბავშვო ბაღთან ახლოს ვერტმფრენი ჩამოვარდა, მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ეს უკრაინის საგანგებო სამსახურის ვერტმფრენი იყო და ავიაკატასტროფის შედეგად უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი და სამინისტროს სხვა თანამშრომლები დაიღუპნენ.

ავიაკატასტროფას 18 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 9 ვერტმფრენში იმყოფებოდა. დაღუპულთაგან 3 ბავშვი იყო.

ფოტო: Sergei Supinsky/AFP 
უკრაინის პრეზიდენტი და პირველი ლედი უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების დაკრძალვაზე.

ომის დაწყებიდან სამხედრო აღჭურვილობის მიწოდების კუთხით გერმანიის ხელისუფლება კრიტიკის საგანი არაერთხელ გამხდარა. მათ შორის უკანასკნელი Leopard 2-ის ტანკების უკრაინისთვის გადაცემაზე ნებართვის გაცემის გაჭიანურებას უკავშირდებოდა.

უკრაინა სამხედრო დახმარების ფარგლებში ტანკების, კერძოდ, Leopard 2-ის გადაცემას ითხოვდა. როგორც უკრაინული მხარე ამბობდა, ევროპის ქვეყნები ამისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ, თუმცა საჭირო იყო მწარმოებელი ქვეყნის, გერმანიის თანხმობა.

23 იანვარს პოლონეთის პრემიერმინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ განაცხადა, რომ უკრაინას Leopard-ის ტანკებს გადასცემდა, მიუხედავად იმისა, მიიღებდა თუ არა დასტურს გერმანიისგან.

25 იანვარს გერმანიის მთავრობამ დაადასტურა, რომ უკრაინას Leopard 2-ის 14 ტანკს გადასცემდა და მესამე ქვეყნებსაც მისცემდა ტანკების გადაცემის ნებართვას. ამის შესახებ კანცლერმა ოლაფ შოლცმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

თებერვალი

თებერვლის დასაწყისში უკრაინის პრეზიდენტი აშშ-ისა და პოლონეთის შემდეგ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დიდ ბრიტანეთში ჩავიდა, სადაც პრემიერ რიში სუნაკს, გაერთიანებული სამეფოს მეფეს ჩარლზ მესამეს შეხვდა და ბრიტანეთის პარლამენტს მიმართა.

ფოტო: EPA

"ლონდონი კიევის გვერდით პირველი დღიდან იდგა, სრულმასშტაბიანი ომის პირველი წამებიდან და წუთებიდან. დიდო ბრიტანეთო, შენ გამოგვიწოდე შენი დახმარების ხელი მაშინ, როცა მსოფლიოს ჯერ არ ესმოდა როგორ უნდა ემოქმედა.

ბორის - შენ სხვები გააერთიანე მაშინ, როცა ეს აბსოლუტურად, აბსოლუტურად შეუძლებელი ჩანდა. მადლობა.

ყველა თქვენგანმა, თქვენ ყველამ მაშინ გვაჩვენეთ თქვენი სიმამაცე და ხასიათი, ძლიერი ბრიტანული ხასიათი. თქვენ არ დათმეთ უკრაინა, არ დათმეთ თქვენი იდეალები...

2 წლის წინ, როცა ბრიტანეთის პარლამენტს ვტოვებდი მადლობა გადაგიხადეთ გემრიელი ინგლისური ჩაისთვის. დღეს მე პარლამენტის დატოვებისას წინასწარ გადაგიხდით მადლობას ძლიერი ინგლისური თვითმფრინავებისთვის“ - განაცხადა ზელენსკიმ და მიმართვა ჩერჩილისეული "V for victory" ჟესტით დაასრულა, როცა ფონად უკრაინის ეროვნული ჰიმნი ისმოდა.

ფოტო: Stefan Rousseau / PA

ომის წლისთავამდე რამდენიმე დღით ადრე, 21 თებერვალს კი აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინას მოულოდნელად ეწვია. ეს იყო ბაიდენის პირველი ვიზიტი უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ. სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა ვიდეო, სადაც ბაიდენი და ზელენსკი საჰაერო განგაშის ფონზე კიევის ქუჩებში გადაადგილდებოდნენ.

ფოტო: Ukrainian Presidential Press Service

ბაიდენის თქმით, ის კიევში ჩავიდა, რათა დაადასტუროს ამერიკის "ურყევი ერთგულება უკრაინის დემოკრატიის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ."

ბაიდენმა ვიზიტისას განაცხადა, რომ უკრაინისადმი სამხედრო მხარდაჭერა გაგრძელდება და ასევე მიმდინარე კვირაში აშშ დამატებით სანქციებს გამოაცხადებს იმ ადამიანებისა და კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთის ომის მანქანის ნაწილები არიან.

"ერთი წლის შემდეგ კიევი დგას. და უკრაინა დგას. დემოკრატია დგას" - განაცხადა ჯო ბაიდენმა კიევში ვიზიტისას. 

 
close დახურვა