2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციურ პარტიებს დამკვირვებლები არ ეყოლებათ. მათ საკუთარი წარმომადგენლები უკვე გამოიწვიეს.
საუბარია იმ ოპოზიციურ პარტიებზე, რომელთაც საპარლამენტო მანდატზე უარი განაცხადეს, ესენია:
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია;
- ევროპული საქართველო;
- სტრატეგია აღმაშენებელი;
- ლელო;
- პატრიოტთა ალიანსი;
- გირჩი;
- მოქალაქეები;
- ლეიბორისტული პარტია.
მათივე თქმით, მთლიანი საარჩევნო პროცესი არის ფარსი, რაშიც მონაწილეობას არ მიიღებენ. ოპოზიცია აგრძელებს ბოიკოტის რეჟიმს და მოსახლეობას მოუწოდებს, არ მივიდეს არჩევნებზე.
ოპოზიციური პარტიები მიიჩნევენ, რომ 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები გაყალბდა და ის არ ასახავს ქართველი ამომრჩევლის ნებას. ბოიკოტს 8-ვე ოპოზიციური პარტია შეუერთდა, რომელმაც საარჩევნო 1%-იანი ბარიერი გადალახა და არჩევნების გზით მანდატი მოიპოვა. ისინი ბოიკოტს უცხადებენ არჩევნების მეორე ტურებსაც, რომელიც ქვეყნის მასშტაბით 16 მაჟორიტარულ ოლქში 21 ნოემბერს გაიმართება.
პირველი ტურების შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ შედგენილი საჩივრებიდან ცესკო-მ შემაჯამებელ სხდომაზე არცერთი დააკმაყოფილა.
ასევე არჩევნებზე დამკვირვებელი ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივრებიდან ცესკო-მ მხოლოდ 17% დააკმაყოფილა.