logo
ENG



ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ვირუსთან ბრძოლის კუთხით მთავრობის ნაბიჯები არასაკმარისია

12 მარ 202017:24
3 წუთის საკითხავი
 

ოპოზიციის წარმომადგენლები კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მთავრობის მუშაობას აფასებენ. ხელისუფლების ოპონენტები ზომების გაძლიერების რეკომენდაციით გამოდიან და ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში ვირუსის შიდა გადაცემის ფაქტები გამოჩნდება, მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა უნდა გამოაცხადოს.

„იტალიაში თქვენ იცით, რომ ყველაფერი დაიკეტა გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა. ჯერ ჩვენ ამ დონეზე არ მივსულვართ, მაგრამ თუ ქვეყანაში ფიქსირდება შიდა გადაცემა, მაშინ ჩვენ გადავდივართ სულ სხვა ეტაპზე და  გვჭირდება შექმნილი სიტუაციის სულ სხვაგვარი გადაფასება. ჯერჯერობით, როგორც ეპიდემიოლოგები გვარწმუნებენ, წყაროები კონტროლირებადი“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ჯანდაცვის სამინისტროს საქმიანობას აკრიტიკებენ. პარტიის წევრი ხატია დეკანოიძე ფიქრობს, რომ ხელისუფლებას რეალურად კრიზისთან ბრძოლის არავითარი კონკრეტული გეგმა არ აქვს.

„ჯანდაცვის სამინისტროს ადმინისტრაცია პრაქტიკულად ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას და მოქალაქეებმა არ იციან, როგორია ზუსტი რაოდენობა, როგორ შეუძლიათ სახელმწიფო სერვისების მიღება ჯანდაცვის სექტორში, ვგულისხმობ პაციენტებს. ამიტომ ახლა, როცა ამ მძიმე მდგომარეობაში ხდება რაღაც კონკრეტული გეგმის შემუშავება და ამის შესახებ საქართველოს მოქალაქეებმა არ იციან, იგივე ეკონომიკის კუთხით, ეს მიუთითებს იმაზე, რომ არავითარი კონკრეტული გაწერილი გეგმები არ არსებობს არც ერთი მიმართულებით“, - აღნიშნა დეკანოიძემ.

სპეციალური ფონდისა და საბანკო პროდუქტების შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს პარტია „ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე. მისი თქმით, ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ კრიზისმა ბიზნესზე მაქსიმალურად მსუბუქი გავლენა იქონიოს.

„ჩვენ მოვუწოდეთ გუშინ მთავრობას, რომ შეიქმნას მილიარდიანი სტაბილიზაციის ფონდი. ასევე მოვუწოდეთ, რომ შეიქმნას საბანკო სპეციალური პროდუქტები, რომელიც შეღავათს მისცემს მსესხებლებს, რომ ამ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე მაქსიმალურად მსუბუქად გადავატანინოთ ბიზნესსტრუქტურებს თავიანთი მოღვაწეობა. ამავე დროს მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო სამედიცინო პერსონალს და ექიმებს, რომლებიც მართლა თავდაუზოგავად შრომობენ საფრთხის თავიდან ასაცილებლად. მოვუწოდებ ყველას გაერთიანებისკენ და ამ პრობლემის ერთობლივად დაძლევისაკენ“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

რაც შეეხება „ახალ საქართველოს“, პარტიის ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ მისი გუნდი მზად არის, კრიზისთან საბრძოლველად პროცესში ჩაერთოს.

„ჩვენ ვერთვებით საინფორმაციო კამპანიაში კორონავირუსთან დაკავშირებით. ახლა პოლიტიკური კრიტიკების დრო არ არის, უნდა ჩავერთოთ ყველა ამ კამპანიაში. მე პირადად და ჩემს გუნდს გვაქვს ძალიან დიდი გამოცდილება კრიზისული სიტუაციების მართვის კუთხით და მზად ვართ, იქ, სადაც არის პრობლემა, ჩავერთოთ მაქსიმალურად ამ კრიზისული სიტუაციის განმუხტვაში“, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.


close დახურვა