logo
ENG



ოპოზიცია ირაკლი შოთაძეზე: ესაა საზოგადოების დაცინვა

06 თებ 202017:19
3 წუთის საკითხავი
 

ირაკლი შოთაძე პროკურორობის კანდიდატთა ოთხეულშია. მან პირველადი კენჭისყრით ყველაზე მეტი (10) ხმა მოაგროვა. საპროკურორო საბჭო, ოთხეულიდან უკვე ერთ კანდიდატს შეარჩევს, რომელიც დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნება. ოპოზიცია შერჩევის პროცესს ფორმალურს უწოდებს და დარწმუნებულია, რომ შოთაძის პროკურორობა თავიდანვე გადაწყვეტილი იყო. 

"შედეგები ნათელია. ეს იყო ივანიშვილის გადაწყვეტილება და ის გააფორმა საბჭომ. შემდგომ უკვე პარლამენტში გააფორმებს. ესაა საზოგადოების დაცინვა. ივანიშვილის დაკვეთას შოთაძე შეასრულებს თუ სხვა არ აქვს მნიშვნელობა. ეს ნაბიჯი მიუთითებს იმაზე, რომ ივანიშვილი ადეკვატური არა",-აღნიშნა ოთარ კახიძემ. 

კახიძის პოზიციას იზიარებს რომან გოცირიძეც, რომლის თქმითაც საბჭოს მუშაობის პროცესი არასერიოზულია. 

"ეს საბჭო გახლავთ ივანიშვილის პირადი საბჭო, ამიტომ აქ პროცესები სერიოზული არაა",-განმარტა გოცირიძემ. 

მარიამ ჯაშის თქმით კი მმართველ გუნდს მსგავსი შეცდომების დაშვების უფლება აღარ აქვს. 

"პიროვნულად საწინააღმდეგო შეიძლება არ მქონდეს არცერთ კანდიდატთან მიმართებაში, მაგრამ კითხვებს ბადებს  გადაწყვეტილებების არათანმიმდევრულობა. შეცდომების დაშვების უფლება მმართველ გუნდს არ აქვს",-აღნიშნა ჯაშმა. 

საპირისპირო მოსაზრება აქვთ უმრავლესობაში. ანრი ოხანაშვილი, რომელიც ასევე საბჭოს წევრია განმარტავს, რომ პროცესი იყო ობიექტური. რაც შეეხება შოთაძეს, ის ღირსეული კანდიდატია. 

"ოთხი კანდიდატია გამოვლენილი და რეიტინგში საუკეთესო გახლავთ ირაკლი შოთაძე. მათ შორის მეც დავუჭირე მხარი და ასევე კიდევ რამდენიმეს. ამ კანდიდატებს შორის ჩატარდება ფარული კენჭისყრა და გამოვლენილი იქნება საუკეთესო კანდიდატი, რომელიც უკვე პარლამენტს წარედგინება დასამტკიცებლად. ზოგადად საუკეთესო შედეგი შოთაძემ დააფიქსირა",-აღნიშნა ანრი ოხნაშვილმა


close დახურვა