logo
ENG



ოპოზიცია ლეიბორისტული პარტიის ოფისში კიდევ ერთ შეხვედრას გამართავს

21 თებ 202008:26
3 წუთის საკითხავი
 

ოპოზიციური პარტიების ლიდერები ლეიბორისტული პარტიის ოფისში დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან. ამჯერად შეხვედრის მთავარი თემა 4 აპრილს დაგეგმილი საპროტესტო აქცია იქნება.

გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა დღევანდელ შეხვედრაზე გიორგი მარგველაშვილიც მივიდეს. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა მხოლოდ გაერთიანებების ლიდერების მონაწილეობას გულისხმობს, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ყოფილი პრეზიდენტის მოლაპარაკების პროცესში ჩართვას მიესალმებიან.

რაც შეეხება ვანო მერაბიშვილს, პარტიის ლიდერების აზრები განსხვავებულია. გაერთიანებების ნაწილი მასთან თანამშრომლობას გამორიცხავს, ნაწილი კი მერაბიშვილის განცხადებებს ელოდება. 

ყველა პოლიტიკოსის გაერთიანებას მიესალმება "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია. დეპუტატი ამბობს, რომ ოპოზიციური სპექტრის მთავარი ამოცანა "ქართული ოცნების" დამარცხებაა. 

 

"ყველა პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ფიგურის შემოერთდებას იმ საქმეში რასაც ჩვენი ქვეყნისთვის ეროვნული ამოცანა ქვია და პოლიტიკური ჭირის მოშორება, ივანიშვილის სახით მშვიდობიანად, მივესალმები მხოლოდ, როგორი განსხვავებული შეხედულებების არ უნდა ჰქონდეთ ადამმიანს წარსულზე, აწმყოზე თუ მომავლის თუნდაც სხვა ასპექტებზე“, - განაცხადა გიგი ბოკერიამ.

მის აზრს იზიარებს "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილიც. ნათელაშვილი ფიქრობს, რომ ყველა პოლიტიკოსი ერთი იდეის გარშემო უნდა გაერთიანდეს.  

"განიხილება მიმდინარე სტრატეგიული საკითხები და 4 აპრილს დიდი სახალხო აქციისთვის მზადება. არანაირი უფლება არ გამაჩნია ოფისში მოსული კოლეგა პარტიის წარმომადგენელების მიმართ გამოვხატო ჩემი სუბიექტური დამოკიდებული. ამ შემთხვევაში მოხდება დაშლა და დარღვევა იმ სახალხო ფრონტის, რომელმაც მალე უნდა დამარხოს ივანიშვილის რეჟიმი. ვანოს გამო ივანიშვილს ვერ გადავარჩენ“, - აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.

გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკაში ჩართვას მიესალმება "ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა. დეპუტატის თქმით, ივანიშვილის დასამარცხებლად ყველა პოლიტიკური კაპიტალის მქონე პირი უნდა გაერთიანდეს. 

"თუ გიორგი მარგველაშვილს ან ნებისმიერ სხვა ადამიანს ვისაც კი რაიმე პოლიტიკური კაპიტალი აქვს სურს შეუძლია შემოუერთდეს ოპოზიციურ ფორმატს, ეს მისასალმებელია. ჩემი აზრით ყველა ადამიანს ვისაც რაიმე კაპიტალი აქვს მართებს, რომ აქტიურად ჩაერთოს პოლიტიკურ ბრძოლაში“, - ამბობს თინა ბოკუჩავა.

 

 


close დახურვა