პარტიული კვოტებისა და მაჟორიტარების კონკრეტული გვარების შესახებ ინფორმაციას ოპოზიციის წევრები არ ადასტურებენ.
როგორც გაერთიანებულ ოპოზიციაში აცხადებენ, მოლაპარაკებები კანდიდატებთან დაკავშირებით ჯერ კიდევ მიმდინარეობს და საბოლოო შეთანხმება არ არის მიღწეული.
თუ ვინ გახდებიან ოპოზიციის ერთიანი კანდიდატები მაჟორიტარულ ოლქში გაერთიანებული ოპოზიცია 4 აპრილს დაანონსებულ მასშტაბურ აქციაზე გამოაცხადებს.
"4 აპრილი არის ის დღე, როდესაც ოპოზიციამ უნდა გამოაცხადოს კონკრეტული კანდიდატები, რომლებიც ცალკეულ ოლქებში დაუპირისპირდებიან „ქართული ოცნების“ კანდიდატს. თითოეულ ოლქში ფასდება ამა თუ იმ კანდიდატის შესაძლებლობა“, - აღნიშნა "ევროპული საქართველოს" წევრმა ჭიაბერაშვილმა.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის რომან გოცირიძის განცხადებით, გაერთიანებული ოპოზიცია კონკრეტულ გვარებზე ჯერ არ შეთანხმებულა.
„კონკრეტულ გვარებზე არ გვიმსჯელია მათ შორის პარტიაშიც. რაც შეეხება ოლქების განაწილების პრინციპებს, ამაზე მიდის მსჯელობა. თბილისში არის თითქმის მიღწეული შეთანხმება, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.. თბილისის შემდეგ გადავალთ ცალკეულ რეგიონებზე“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
