შეთანხმება, რომელიც გადასახადის გადამხდელებს 12 მილიონ ლარზე მეტი დაუჯდათ. მერიამ „სიტი პარკს“, გაუქმებული ხელშეკრულების სანაცვლოდ, ბიუჯეტიდან კომპენსაცია გადაუხადა. ამის შემდეგ კომპანიამ მუნიციპალიტეტთან დავა შეწყვიტა.
საკრებულოს უმრავლესობაში, პრაქტიკულად, აღიარეს, რომ სამართლებრივი დავის გაგრძელების შემთხვევაში, მერია „სიტი პარკთან“ წააგებდა, ბიუჯეტიდან უფრო მეტი ფულის გადახდა მოუწევდათ.
თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი კი მის ყოფილ კონკურენტს ხალხის მოტყუებაში ადანაშაულებს. ელისაშვილის თქმით, მერიას სწორი პოლიტიკა შემუშავებული არ აქვს, ხოლო უწყების განცხადებები მარტივ პიარზეა გათვლილი.
რაც შეეხება ოპოზიციის შეფასებებს, "ევროპულ საქართველოში" მერიის გადაწყვეტილებას დღეს საგანგებო ბრიფინგით უპასუხეს. პარტიაში აცხადებენ, რომ „სიტი პარკთან“ დადებული კონტრაქტის თანახმად, კონტრაქტის შეწყვეტის შემთხვევაში, პირგასამტეხლო 25 მილიონს შეადგენდა, დაპირების მიუხედავად კი ამ თანხის ნახევრის გადახდა მოუწია.
"ევროპულ საქართველოში" აცხადებენ იმასაც, რომ 2018 წლიდან, რაც თბილისის მერიამ „სიტი პარკის“ მომსახურებაზე უარი თქვა, თბილისში პარკინგის სისტემის მოწესრიგებისათვის არაფერი გაკეთებულა.
ოპოზიცია თბილისის საკრებულოში მერიის ამ გადაწყვეტილების განხილვას გეგმავს, პარტია "ნაციონალური მოძრაობა" საგამოძიებო ორგანოებს საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.
თბილისის მერიამ კომპანია „სიტი პარკთან" ხელშეკრულების შეჩერებაზე საუბარი ჯერ კიდევ დავით ნარმანიას მერობის დროს დაიწყო, კალაძის არჩევის შემდეგ კიხელშეკრულება კომპანიას ცალმხრივად შეუწყვიტა. კომპანიის ფუნქციები მუნიციპალურმა კომპანია "თბილისი პარკინგმა" იტვირთა. კომპანიას ქალაქში ახალი საპარკინგო ადგილები უნდა აეთვისებინა, ასევე განეხორციელებინა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაო. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ორი წლის განმავლობაში ბიუჯეტში მხოლოდ პარკირებიდან 50 მილიონ ლარზე მეტი შევიდა - თუმცა რაში იხარჯება ეს თანხა, ჯერჯერობით გაუკვეველი რჩება.