logo
ENG



ოპოზიციის გასვლის შემდეგ პარლამენტში საბჭოს დარჩენილი 2 კანდიდატი ვეღარ აირჩიეს

17 მაი 202315:01
3 წუთის საკითხავი
 
ოპოზიციის გასვლის შემდეგ პარლამენტში საბჭოს დარჩენილი 2 კანდიდატი ვეღარ აირჩიეს

ოპოზიციის მიერ პლენარულ სხდომათა დარბაზის დატოვების შემდეგ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის დარჩენილ 2 ვაკანტურ თანამდებობაზე არავინ შეირჩა. კენჭისყრის მეორე ტურში ოთხი კანდიდატი გადავიდა: რუსუდან კვინიკაძე, გოგა კიკალაშვილი, ლევან ნემსაძე და ნინო ნიშნიანიძე.

ტექნიკური შესვენების გასვლის შემდეგ პარლამენტში სესიის სხდომა განახლდა, სადაც ვერც ერთმა კანდიდატმა საჭირო 90 ხმა ვერ მიიღო.

მანამდე საბჭოს წევრების არჩევის კენჭისყრის დროს ოპოზიციის ნაწილმა დარბაზი დატოვა, რის შემდეგაც ტექნიკური შესვენება გამოცხადდა. დეპუტატების თქმით, ზოგიერთი ოპოზიციონერი ქართულ ოცნებას გაურიგდა.

პარლამენტში იუსტიციის საბჭოში 5 ვაკანტურ თანამდებობაზე სამი ახალი წევრი აირჩიეს: ტრისტან ბენაშვილი (93 ხმა), გიორგი გზობავა (91 ხმა), ზურაბ გურასპაშვილი (93 ხმა). კვორუმისთვის საჭირო იყო 90 დეპუტატის მხარდაჭერა. სწორედ მხარდაჭერილი ხმების რაოდენობა გახდა რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატის უკმაყოფილების მიზეზი. კენჭისყრა ფარული იყო და ამის გამო ვერ გახდება ცნობილი იმ დეპუტატების ვინაობა, ვინც აღნიშნულ კანდიდატებს მხარი დაუჭირა.

დეპუტატი რომან გოცირიძე განმარტავს, რომ ოპოზიცია შეთანხმებული იყო იმაზე, რომ კანდიდატებს მხარს არ დაუჭერდნენ, თუმცა ზოგიერთი ოპოზიციონერი დეპუტატი "გაიყიდა" და ქართულ ოცნებას დაეხმარა სასურველი კანდიდატის არჩევაში.


close დახურვა