რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის აქცია დასრულდა.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, ნიკა მელიამ ოპოზიციის კიდევ ერთი აქცია დააანონსა და თქვა, რომ ის 17 ან 18 ნოემბერს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტის პარალელურად გაიმართება.
როგორც მელიამ თქვა, ზუსტ თარიღს ოპოზიცია საზოგადოებას უახლოეს დღეებში აცნობებს.
"ჩვენ მოგვიწევს არა ერთხელ შეკრება სხვადახვა ფორმატში და არა მხოლოდ რუსთაველის გამზირი იქნება ეს შეკრების ადგილი. ბევრი ჩვენი მეგობარი, ბევრი თქვენგანი სხვადასხვა ქალაქებიდან ხართ ჩამოსულები და უნდა დაბრუნდეთ 10 საათამდე ვიდრე ე.წ კომენდანტის საათი ამოქმედდება. ამ დღეებში ხვალ, ზეგ ჩვენ შეგატყობინებთ ზუსტ თარიღს იქნება ეს 17 ნოემბერი თუ 18 ნოემბერი, დღე როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჩამოდის საქართველოში მასთან ერთად იქნება მსოფლიო საერთაშორისო მედია წარმოდგენილი და მნიშვნელოვანია, რომ რუსთაველის გამზირზე თავყრილობა ცნობილი გახდეს მთელი მსოფლიოსთვის, ამიტომ გვჭირდება ვიცოდეთ ზუსტი საათი და ზუსტი თარიღი",-თქვა მელიამ.
ოპოზიცია 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ. როგორც ოპოზიციის, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების დაკვირვებით, არჩევნების გაყალბების მასშტაბი იმდენად დიდია, რომ ის მნიშვნელოვან გავლენას მოახდენდა არჩევნების შედეგებზე.
ოპოზიცია ითხოვს ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში, ისევე, როგორც პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.
ამ მოთხოვნით უკვე 2 საპროტესტო აქციაც გაიმართა. მათგან ერთი, ქართული ოცნების ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სპეცრაზმმა წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა, რის შედეგადაც მომიტინგეები და მედიის წარმომადგენლები დაშავდნენ.
აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში დღეს ოპოზიციის და ხელისუფლების შეხვედრის II რაუნდი დღეს, 14 ნოემბერს გაიმართა. ოპოზიციის წარმომადგენლები ხელისუფლებისგან კონკრეტულ წინადადებას ელოდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი იმას, რაც ოცნებამ მათ შესთავაზა, აღმაშფოთებელი და მიუღებელი უწოდეს, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებიათ. მოგვიანებით კახა კალაძემ თქვა, რომ ოპოზიციას 1500 უბნის გადათვლა შესთავაზა, რასაც ოპოზიცია არც განიხილავს, ვინაიდან, მათი თქმით, ამან აზრი დაკარგა.
პარტიების წარმომადგენლები ხაზს უსვამდნენ, რომ 13 ნოემბერს ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებამ, არც დაეკმაყოფილებინა ოპოზიციის და NGO-ების არც ერთი საჩივარი, დიალოგის ისედაც რთული პროცესი კიდევ უფრო გაართულა.
