ოპოზიციური პარტიების განცხადებით, კასპის ყოფილმა და მოქმედმა მერებმა ერთმანეთს სცემეს
არსებული ცნობებით, მოქმედ მერს, ვახტანგ მაისურაძეს ცხვირი აქვს გატეხილი, ყოფილ მერს, მანუჩარ მერებაშვილს კი - ხელები დაკბენილი.
გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება მანუჩარ მერებაშვილის მერობის დროს ერთ-ერთ კომპანიასთან გამარტივებულ შესყიდვებს მოჰყვა, რაც ახალმა მერმა გააუქმა.
"დღეს უნდა ჩამოსულიყო პრემიერმინისტრი კასპში, შეხვედრა უნდა ჩატარებულიყო ოცნების აქტივთან. მაგრამ ამჟამინდელი მერი არის ისე დაზიანებული, რომ ხალხთან ასეთი დაზიანებებით წარდგენა არ შეიძლებოდა და გადაიდო". - ამბობს მიხეილ ბექაური, კასპში გირჩი-მეტი თავისუფლების წარმომადგენელი.
თავად მერებაშვილი ინფორმაციას უარყოფს. მისი თქმით, მოქმედ მერს შესაძლოა მართლაც მოუვიდა ფიზიკური დაპირისპირება ვინმესთან, თუმცა არა მასთან.
მედიასთან არ გამოჩენილა ვახტანგ მაისურაძე. ის არც ქართული ოცნების ოფისში მისულა და არც ფორმულას ზარებს პასუხობს.
მანუჩარ მერებაშვილი კასპის მერის პოსტს 2020 წლის 11 მარტამდე იკავებდა. 11 მარტს მან თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. ამ დღეს მისთვის საკრებულოში უნდა მოესმინათ.