საარჩევნო სისტემის ახალი მოდელი მზად არის - ოპოზიციონერი ლიდერები ეგრედ წოდებული გერმანული მოდელის კანონპროექტს საზოგადოებას დღეს წარუდგენენ. ახალი მოდელი ერთობლივი კონსულტაციების შედეგად შეიქმნა და მას ხელს 28 ოპოზიციური პარტია აწერს. პრეზენტაციის შემდეგ პარტიების ლიდერები მემორანდუმს მოაწერენ ხელს. კონსტიტუციასთან შესაბამისობის დასამტკიცებლად, ამის შემდეგ, კანონპროექტი ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისიში გაიგზავნება.
„სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის თქმით, კანონპროექტი ოდირში ინტერპრეტაციების ტავიდან ასაცილებლად იგზავნება.
„გერმანული მოდელის ქართულ რეალობასთან და ადაპტირებულ ვერსიაზე შევჯერდით ყველანი, იყო დისკუსიები როგორი შეიძლება ყოფილიყო და შეჯერებული აზრი გვაქვს, ყველანი მოვაწერთ ამ მემორანდუმს ხელს. მემორანდუმის შემდეგ ეს შეჯერებული ვერსია გაიგზავნება, საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის მიზნით ოდირში, საერთაშორისო ორგანიზაციაში, რომელიც განსჯის შეესაბამება თუ არა ჩვენს კონსტიტუციას, იმიტომ რომ ჩვენთან ყველა იურისტი სხვადასხვანაირად მსჯელობს სახელისუფლებო იქნება თუ ოპოზიციური და იქიდან პასუხის მიღების შემდეგ ხელისუფლებას სხვა გზა აღარ დარჩება“,-განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, გურამ ჩალაგაშვილის თქმით კი პარტიები კანონპროექტზე ხელმოწერით დაადასტურებენ, რომ გერმანულ მოდელს მხარს უჭერს მოსახლეობის უმრავლესობა და მთლიანი ოპოზიციური სპექტრი.
„ყველანი ვთანხმდებით ამ მოდელზე, თავისი პლიუსებისა და მინუსებისა, სწორედ ეს იქნება გაფორმებული, ოპოზიციური პარტიის ყველა ლიდერი ამას მოვაწერთ ხელს, შემდეგ ეს გაიგზავნება საერთაშორისო ორგანიზაციებში, არასამთავრობო ორგანიზაციებში, ამით ვაჩვენებთ ჩვენ, რომ ოპოზიციის ერთობა არის მტკიცე და ოპოზიცია და საქართველოს მოსახლეობის მინიმუმ 70% და უფრო მეტი ითხოვს რომ ამ ეტაპზე მოხდეს ვადამდელი პროპორციული წესით არჩევნების ჩატარება“,-განაცხადა გურამ ჩალაგაშვილმა.