logo
ENG



ოპოზიციურმა პარტიებმა ეკონომიკურ და განათლების რეფორმის შეთანხმებას ხელი მოაწერეს

28 სექ 202011:30
3 წუთის საკითხავი
 

ოპოზიციურმა პარტიებმა ეკონომიკურ და განათლების რეფორმის შეთანხმებას ხელი მოაწერეს. 

დოკუმენტში წერია: 

ქვემოთ ხელმომწერი პარტიები ვთანხმდებით, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ქართული ოცნების დამარცხების შემდეგ, ეკონომიკის მძიმე კრიზისიდან გამოყვანის მიზნით, ქვეყნის მომავლის რწმენის დასაბრუნებლად საქართველოს მოქალაქეებში და უცხოელ ინვესტორებში, ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად ეკონომიკის და განათლების სფეროებში განვახორციელებთ ექსტრაორდინარულ რეფორმებს:

ეკონომიკა

მოქალაქეებისათვის კერძო საკუთრებაში სახელმწიფო ქონების დაბრუნება

1. დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთები, რომელიც ადამიანების ფაქტობრივ მფლობელობაშია და არავინ ედავება, დარეგისტრირდება მფლობელის საკუთრებად;

2. დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთები, რომელიც ფაქტობრივად სასოფლო თემის ან სოფლის მოსახლეობის საერთო მფლობელობაშია და ამ ნაკვეთების მიმართ არ არსებობს სხვა ადამიანების პრეტენზია დარეგისტრირდება სოფლის/თემის საკუთრებად;

3. სახელმწიფო საკუთრება - საწარმოები, მიწა და წიაღისეული (გარდა განსაკუთრებული გამონაკლისი შემთხვევებისა), გადავა მოქალაქეების კერძო საკუთრებაში. ყველა მოქალაქეს ექნება ამ პროცესში მონაწილეობის თანაბარი უფლება.

მთავრობის და ბიუროკრატიის შემცირება

4. არაუგვიანეს 2024 წლის ბოლომდე მთავრობის ზომა შემცირდება მთლიანი შიდა პროდუქტის 20%-დე;

5. ხელისუფლებაში მოსვლის მომენტიდან 100 დღის ვადაში, შემუშავდება ეროვნული ვალუტის გაუფასურების პრევენციის მექანიზმები;

განათლება

6. კერძო განათლება სახელმწიფო რეგულაციებისგან გათავისუფლდება;

7. საჯარო სკოლები მიიღებენ ფინანსურ და მმართველობით ავტონომიას.

ეს NDI-ის მიერ რამდენიმე კვირის წინ ორგანიზებული შეხვედრების დროს შეთანხმებული საკითების ბოლო, მესამე ნაწილია. 

განათლებისა და ეკონომიკის რეფორმების განხორციელების პირობა​ გირჩმა, ევროპულმა საქართველომ, ნაციონალურმა მოძრაობამ, სტრატეგია აღმაშენებელმა და ერთიანმა საქართველომ დადეს. 

მანამდე ოპოზიციური პარტიებმა ხელი მოაწერეს მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირების შეთანხმებას. 


close დახურვა