logo
ENG



ოცნებამ საქართველოზე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის კრიტიკულ დეკლარაციას მხარი არ დაუჭირა

03 ივლ 202417:32
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/03/0enbvaauvokswt6.jpg

ბუქარესტში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიიღეს დეკლარაცია, სადაც საუბარი საქართველოსაც ეხება. კრიტიკულ დეკლარაციას ხელი ქართული ოცნების დეპუტატებმა არ მოაწერეს. 

დეკლარაციის შეშფოთებას გამოხატავენ ოცნების მიერ მიღებული რუსული კანონზე, აღნიშნავენ, რომ ის კრემლის მიერაა მხარდაჭერილი და ძირს უთხრის საქართველოს მყიფე დემოკრატიასა და ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ არჩევანს. 

გარდა ამისა, რეზოლუციაში აღნიშნავენ, რომ კანონი ძირს უთხრის ადამიანის უფლებებს და არაპროპორციულად ზღუდავს ისეთ ფუნდამენტურ თავისუფლებებს, როგორიცაა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. დეკლარაციის მოუწოდებენ ხელისუფლებას, შეწყვიტონ სამოქალაქო საზოგადოებაზე, დამოუკიდებელ მედიასა და აქტივისტებზე თავდასხმები, რომელიც რუსული ჰიბრიდული ოპერაციის ყველა მახასიათებელი აქვს. 

ამასთან ერთად, დეკლარაციაში კვლავაა საუბარი საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან რუსული სამხედრო ძალების დაუყოვნებლივი და უპირობო გასვლის შესახებ მოწოდებაზე, როგორც ეს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებითაა გათვალისწინებული. 

"[დეკლარაცია] გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესებას, იქ მცხოვრებ ადამიანთა იქ მცხოვრები ადამიანების ფუნდამენტური თავისუფლებებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის, ეთნიკური ქართველების მიმართ სხვადასხვა სახის დისკრიმინაციის შედეგად. ასევე, ორივე რეგიონში ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიდან ქართული ნიშან-თვისებების ცვლილებასა და წაშლას, რაც რუსეთის ფედერაციის ოკუპაციისა და რუსიფიკაციის პოლიტიკის პირდაპირი შედეგია", - ვკითხულობთ დოკუმენტში.

ასევე, დეკლარაციაში ვხვდებით მოწოდებას ეუთოს, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის მიმართ (ODIHR), რომ ერთობლივად იმუშაონ 2024 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნების დამკვირვებელ მისიაში.

***

ქართული ოცნების მხარის არდაჭერის საბაბად დეკლარაციაში საქართველო-რუსეთის კონფლიქტის შესახებ არსებულ პუნქტს ასახელებდნენ, რაც შემდეგი  ფორმულირებით იყო ჩამოყალიბებული: თბილისის მიერ კონტროლირებული საქართველოს, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის შერიგება საჭიროა. 

"გვინდა, აღვნიშნოთ, რომ ფორმულირება, რომელიც დაემატა პარაგრაფს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ, არის ზუსტად ის, რასაც რუსეთი ცდილობს, ჟენევის მოლაპარაკებებში ბოლო 16 წლის განმავლობაში, მიაღწიოს - წარმოაჩინოს, თითქოს რუსეთი არ არის კონფლიქტის მხარე. ტექსტი შესწორებიდან - თბილისის მიერ კონტროლირებული საქართველოს, აფხაზეთის და ოსეთის შერიგება საჭიროა.

პარაგრაფში ვკითხულობთ, რომ კონფლიქტში სამი მხარეა – უცნაური კონსტრუქციაა თბილისის მიერ კონტროლირებული საქართველო – აფხაზეთი და ოსეთი.

შესწორება ასევე გულისხმობს იმასაც, რომ რუსეთი კონფლიქტის მოგვარებას სხვადასხვა არხით ცდილობს, რაც ასევე დეზინფორმაციაა და ჟენევის ფორმატის ფარგლებში რუსულ დესტრუქციულ ქცევას იცავს. ეს ყველაფერი სერიოზულად შემაშფოთებელია, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ეუთო არის ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარე და ამერიკის შეერთებული შტატები, რომლის წარმომადგენლები შესწორების ავტორები არიან, არის ჟენევის ფორმატის წევრი და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი. რეზოლუციაში ამ ფორმულირების შეტანა ეწინააღმდეგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს და ეუთო-სა და აშშ-ის გაცხადებულ პოლიტიკას", - ამბობდნენ ოცნებაში. 

ეს შესწორება საბოლოო დოკუმენტში არ მოხვდა. მიუხედავად ამისა, ოცნებამ დეკლარაციას მხარი მაინც არ დაუჭირა, რადგან პარტიისთვის მიუღებელი კიდევ ორი ჩანაწერი აღმოჩნდა. 

"ერთი ეხება არჩევნებს და იმის გათვალისწინებით, რომ ეუთო-ს წევრი 57 ქვეყანაა, აქედან კი წელს ბევრ ქვეყანაში ჩატარდა არჩევნები, რვაში ჯერ კიდევ ჩასატარებელია, საქართველოს გარდა, სხვა არჩევნები ნახსენები არ იყო. შესაბამისად, ვეწინააღმდეგებით საქართველოს გამოყოფას მაშინ, როდესაც სხვა არჩევნებიცაა ჩასატარებელი. ეს არ არის დაბალანსებული მიდგომა და ჩვენი წინააღმდეგობის ერთ-ერთი განმსაზღვრელი საკითხი იყო.

მეორე იყო პოლარიზაციასთან დაკავშირებული საკითხი, თითქოს საქართველოში პოლარიზაცია არის პრობლემური და მთავრობას მოუწოდებენ, მის აღმოფხვრაზე იზრუნოს. ჩვენ არ ვამბობთ, რომ საქართველოში არ არის პოლარიზაცია, თუმცა პოლიტიკური პოლარიზაცია ასევე არის სხვა ქვეყნებშიც. მიუღებელია, როდესაც მხოლოდ საქართველოში არსებულ პოლარიზაციაზე საუბრობენ და არ საუბრობენ პოლიტიკურ პოლარიზაციაზე იმავე აშშ-ში, გერმანიაში, ჰოლანდიაში თუ ეუთო-ს წევრ სხვა ქვეყნებში. აქაც ჩვენი პოზიცია იყო, რომ არ შეიძლება ერთი კონკრეტული ქვეყნის გამოყოფა და პრობლემა თუ არის, ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა, ეს არის მთელი ევროპის და დასავლური საზოგადოების პრობლემა. ამ შემთხვევაში ჩვენი ქვეყნის გამოყოფა მიზანმიმართული დისკრედიტაცია იქნებოდა. სწორედ ამ მიზეზების გამო ხმა არ მივეცით საბოლოო დეკლარაციას", - თქვა ოცნების წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ. 

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, ოცნებამ დეკლარაციას მხარი მმართველი პარტიის ანტიდემოკრატიულ და ანტიევროპულ ნაბიჯებზე ხაზგასმის გამო არ დაუჭირა. 

"დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული არხების გამოყენებით, ივანიშვილის პარტიის წევრები აგრძელებენ ანტიამერიკულ, ანტიდასავლურ მოქმედებებს, მათ შორის აქ, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში, რეალობა არის შემდეგი, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ ბუქარესტში მიიღო ძალიან მძიმე დეკლარაცია, სადაც ერთი მხრივ, საუბარია დეოკუპაციაზე, მაგრამ ასევე, საუბარია რუსულ კანონზე და იმ ანტიდემოკრატიულ და ანტიევროპულ ნაბიჯებზე, რომელსაც ივანიშვილის ხელისუფლება დგამს. სწორედ ამ ჩანაწერის გამო არ დაუჭირეს აღნიშნულ დეკლარაციას", - აღნიშნა ბოკუჩავამ. 

 

 

 

 


close დახურვა