logo
ENG



ოცნება საარჩევნოდ ემზადება - ლობისტური კომპანია და ბრიტანელი პიარტექნოლოგები

14 თებ 202020:13
3 წუთის საკითხავი
 

„ბლუმბერგის" სტატიაში, რომელსაც არჩილ თალაკვაძე დასპონსორებულს უწოდებს, ივანიშვილი „ჩრდილოვან მმართველად", გახარია კი „ხელდასმულ პრემიერად“ არის მოხსენიებული.  პუბლიკაცია „ქართულ ოცნებასა" და ამერიკულ ლობისტურ კომპანიას - „ჰოგან ლაველს" შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას ეხება. კონტრაქტის თანახმად, ივანიშვილმა თვეში 75 ათასი დოლარი უნდა გადაიხადოს - არა ქვეყნის, არამედ მისი პარტიის ლობისტობაში

21 იანვარს პირადად ივანიშვილს კომპანიის წარმომადგენელმა - ყოფილმა სენატორმა წერილიც მისწერა, სადაც დაჰპირდა, რომ ლობისტური კომპანია ძირითადად  „ქართულ ოცნებაზე" იმუშავებს. ლობისტების დაქირავებაში მმართველი გუნდი პრობლემას ვერ ხედავს, მათი გაბრაზება ივანიშვილის უარყოფითად ხსენებას მოჰყვა.

ლობისტური კომპანიის დაქირავებით ივანიშვილი საერთაშორისო კრიტიკისგან თავის დაცვას ცდილობს. ხელშეკრულება სწორედ სენატორებისა და კონგრესმენების უმწვავესი წერილების მიღების შემდეგ გააფორმა. თუმცა „ბლუმბერგის" სტატიაში ავტორი ელი ლეიკი წერს, რომ ლობისტებს ბევრი მუშაობა მოუხდებათ,  რადგან სწორედ ივანიშვილია პასუხისმგებელი რეპრესიებსა და ოპოზიციის დაშინებაზე. მათ შორის მაგალითად მოყვანილია გიგი უგულავას დაკავება და პოლიტიკური დიალოგის შეწყვეტა.

ანალიტიკოსებიც ფიქრობენ, რომ „ქართულ ოცნებას" ლობისტები ვეღარ უშველიან. რადგან საერთაშორისო საზოგადოებამ იცის, რომ ქვეყანას ავტორიტარული სტილით, ერთპიროვნული მმართველი ჰყავს. 

ივანიშვილი იმიჯის რეაბილიტაციას არამხოლოდ საერთაშორისო ასპარეზზე ცდილობს. „ფორმულანიუსის" ინფორმაციით, „ქართულმა ოცნებამ" წინასაარჩევნოდ პიარისთვის ბრიტანელი პიარტექნოლოგებიც დაიქირავა. კერძოდ კომპანია „პორტლანდი".  ეს არის „ომნიქომგრუპში" შემავალი ფირმა, რომელიც 2006 წლიდან 2014 წლამდე რუსეთის პრეზიდენტის - ვლადიმერ პუტინის პიარკამპანიას  ხელმძღვანელობდა. „ქართულ ოცნებას" ახლა ამაზე საუბარი არ სურს.

ჰოგან ლეველსი" პირველი ლობისტური კომპანია არ არის , რომელიც ივანიშვილმა კონგრესმენებისა და სენატორების კრიტიკის შემდეგ დაიქირავა. „ქართულმა ოცნებამ" ბოლო ერთ თვეში ხელშეკრულება რამდენიმე ფირმასთან გააფორმა, მათ შორის იყო „დიესაი გრუპი" - აქ შეთანხმებას ხელს პარტიის აღმასრულებელი მდივანი - ირაკლი კობახიძე აწერს.  


close დახურვა