logo
ENG



ოცნება საკონსტიტუციო ცვლილებების ხელახალ განხილვას არ აპირებს - ოპოზიცია აქციებს გააგრძელებს

16 ნოე 201920:01
3 წუთის საკითხავი
 
8uquodhr2gibhda.png

პარლამენტში საარჩევნო სისტემის განხილვას მმართველი გუნდი აღარ მიუბრუნდება. ეს გადაწყვეტილება უმრავლესობამ "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ შეხვედრაზე მიიღო. 

ამასთან ერთად, გაერთიანებული ოპოზიცია გერმანულ მოდელზე გადასვლას ითხოვს, რასაც "ქართული ოცნება" არ თანხმდება და ამბობს, რომ აღნიშნული მოდელი არაკონსტიტუციურია. "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული ანუ მაჟორიტარული სისტემით ჩატარდება. 

 

"მოვუწოდებ ყველას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მოემზადონ", - განაცხადა კობახიძემ.

აღსანიშნავია, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ხელისუფლებაში არ გამორიცხავენ, თუმცა მიიჩნევენ, რომ ამის წინაპირობა არ არსებობს. 

"საერთოდ არაფერი არ უნდა გამორიცხოთ არასდროს. მაგრამ ამის წინაპირობა, არც კანონიერი და არც ემოციური არ არსებობს. ქაოსურ ვითარებაში არჩევნების ჩატარება ქვეყნისთვის მოგებიანი არ იქნება", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე კი აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნებს "ქართული ოცნება" ნებისმიერ შემთხვევაში მოიგებს. "რიგგარეშე იქნება ეს არჩევნები თუ 2020 წლის ოქტომბერში ჩატარდება, პოლიტიკური მოცემულობა არ იცვლება. ორივე შემთხვევაში ჩვენ არჩევნებში გავიმარჯვებთ", - აღნიშნა კობახიძემ.

თავის მხრივ, ოპოზიციაში მმართველი გუნდის ამ განცხადებებს "უტიფარ ტყუილს" უწოდებენ და ამბობენ, რომ საპროტესტო აქციები გაგრძელდება. „მიზეზი არის ის, რომ ნახეს - ამ არჩევნებს აგებენ და რას მოიმიზეზებენ, კონსტიტუციას თუ, იმას რომ დეპუტატები ჰყავთ ავად და არ ჰყოფნით, სულ ერთია“, - განაცხადა "ევროპული საქართველოს" დეპუტატმა გიგა ბოკერიამ.

კონსტიტუციის ერთ-ერთი ავტორი ავთანდილ დემეტრაშვილი "ფორმულასთან" საუბარში განმარტავს, რომ გერმანული მოდელი კონსტიტუციის არ ეწინააღმდეგება და ხელისუფლების ნებაზეა დამოკიდებული.

გარდა ამისა, კონსტიტუციონალისტები მიიჩნევენ, რომ გერმანულ საარჩევნო მოდელზე გადასვლა ოპტიმალური ნაბიჯი იქნება.

 


close დახურვა