logo
ENG



ოცნების ანტიდასავლური რიტორიკა, პოლიტიკური დევნა, დეოლიგარქიზაცია - ALDE-მ რეზოლუცია მიიღო

03 დეკ 202217:46
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/03/sah04ydfvf6eawo.jpg

პარტია სტრატეგია აღმაშენებლის წევრის, სერგო ჩიხლაძის ცნობით, ლიბერალურ-დემოკრატიული ალიანსმა (ALDE) მიიღო რეზოლუცია, რომელშიც საუბარია ქართული ოცნების ანტიდასავლურ რიტორიკაზე, პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე, საქართველოში კრიტიკული მედიის დევნასა და დეოლიგარქიზაციაზე.

რეზოლუციის ტექსტი პარტია სტრატეგია აღმაშენებელმა შეიმუშავა. ის დღეს ბრატისლავაში ალიანსის გენერალურ შეკრებაზე იყო წარდგენილი.

ჩიხლაძის ცნობით, ALDE რეზოლუციით მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, შეიწყალოს პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი და ნიკა გვარამია.

სერგო ჩიხლაძის თქმით, რეზოლუციის ტექსტში ასევე წერია, რომ ირაკლი კობახიძემ უნდა „შეწყვიტოს დასავლეთზე თავდასხმები, დეზინფორმაციული კამპანიის წარმოება, შეეშვას რუსულ რიტორიკას“.

ჩიხლაძის ცნობით, ALDE რეზოლუციით მოუწოდებს ევროკავშირის წევრებს, რომ ევროკავშირში შესვლა აეკრძალოს ლაშა ჩხიკვაძეს, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლეს და ევროკავშირში შესვლაზე აკრძალვა დაუწესდეთ პრორუს და უმცირესობებზე მოძალადე ჯგუფებს, მათ შორის კონსტანტინე მორგოშიას, როგორც 5 ივლისის ძალადობის ერთ-ერთ ორგანიზატორს.

სტრატეგია აღმაშენებლის ცნობით, დოკუმენტით პარტია საქართველოს მთავრობას ახსენებს, რომ „დეოლიგარქიზაცია ნიშნავს ივანიშვილის გავლენების ჩამოშორებას პოლიტიკიდან, სასამართლოდან, პარლამენტიდან, სამართალდამცავებიდან“.

პარტია ლელო - საქართველოსთვის ლიდერი მამუკა ხაზარაძე კი აცხადებს, რომ ამავე რეზოლუციით ALDE-მ მკაცრად დაგმო ლელოს ლიდერების, ხაზარაძის და ჯაფარიძის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა.

„2022 წლის 8 ნოემბერს ევროპული პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა აღნიშნა, რომ "სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ლელო საქართველოსთვის ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დამნაშავედ ცნეს და სასამართლოს განაჩენის გამოყენება ჯაფარიძის საპარლამენტო მანდატის წასართმევად პოლიტიზებული მართლმსაჯულების თვალსაჩინო გამოვლინებაა." - ხაზარაძის ცნობით წერია რეზოლუციაში.

ALDE მხარს უჭერს ქართველ ხალხს ევროინტეგრაციის გზაზე.

 

close დახურვა