logo
ENG



ოცნების დეზინფორმაცია, რუსული კანონი, არჩევნები - სახ.მდივნის თანაშემწის გამოსვლა კონგრესში

23 ივლ 202422:46
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/23/mmhf5cslfoajofv.jpg

აშშ-ის კონგრესში საქართველოსა და მოლდოვაში მოახლოებული არჩევნების კონტექსტში აშშ-ის პოლიტიკაზე მოსმენა მიმდინარეობს. მოსმენა კონგრესის ევროპის საგარეო საქმეთა ქვეკომიტეტმა მოიწვია. 

ცოტა ხნის წინ კომიტეტზე სიტყვით გამოვიდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯოშუა ჰაკი, რომელმაც საქართველოში არსებულ ვითარებაზე - ქართული ოცნების ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებზე, რუსულ კანონზე, მოახლოებულ არჩევნებსა და მმართველი გუნდის დეზინფორმაციულ კამპანიაზე ისაუბრა.

მან სიტყვით გამოსვლა დაიწყო საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებზე საუბრით და ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსა და შეერთებული შტატების ურთიერთობის მხარდაჭერა არასდროს ყოფილა იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ეს ახლაა.

მან იმედი გამოთქვა, რომ ქართული ოცნება გადახედავს საკუთარ ქმედებებს - დააბრუნებს ქვეყანას დემოკრატიულ ტრაექტორიაზე და კვლავ მოუწოდა მთავრობას, გააუქმოს რუსული კანონი, ასევე უარი თქვას სხვა ანტიდემოკრატიული კანონების წინ წაწევაზე და უზრუნველყოს როგორც წინასაარჩევნო პერიოდის, ასევე უშუალოდ საპარლამენტო არჩევნების თავისუფლად ჩატარება.

"ეს მოსმენა მიმდინარეობს უაღრესად მნიშვნელოვან დროს როგორც ჩვენს ორმხრივი ურთიერთობებისთვის, ასევე საქართველოს მომავალი დემოკრატიისთვის. გასული რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველოს მთავრობამ მკვეთრად გადაუხვია ქვეყნის დემოკრატიულ ტრაექტორიას, რისკის ქვეშ დააყენა მისი ევროატლანტიკური მისწრაფებები და ჩვენი ორმხრივი ურთიერთობა. მან მიიღო არადემოკრატიული კანონმდებლობა, მოახდინა სამოქალაქო საზოგადოების დემონიზება, დაუშვა სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ დაშინებისა და ძალადობის ესკალაცია და ასევე დაიწყო დეზინფორმაციის გავრცელება და რიტორიკით თავს დაესხა შეერთებულ შტატებსა და ევროპელ პარტნიორებს, რომლებიც მხარს უჭერდნენ და ეხმარებოდნენ საქართველოს ათწლეულების განმავლობაში.

28 მაისს მიღებული "უცხოური გავლენის" კანონი განასახიერებს ამ ანტიდემოკრატიულ ცვლილებას. ეს კანონი, რომელიც ასახავს კანონს, რომელიც რუსეთში შევიდა ძალაში, შექმნილია იმისთვის, რომ გააჩუმოს კრიტიკული ხმები და დააშინოს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება. ქართული ოცნების ხელისუფლებამ მიიღო ეს კანონი, მიუხედავად საზოგადოების მასობრივი პროტესტისა, აშშ-ის წინააღმდეგობისა და ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის დასკვნისა, რომ კანონი შეუსაბამოა ევროპულ ნორმებთან.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში სახელმწიფო დეპარტამენტმა ხაზგასმით უთხრა ქართველ ხალხს, რომ ჩვენ ვაგრძელებთ მათი დემოკრატიული, ევროატლანტიკური მისწრაფების მხარდაჭერას, ამავდროულად სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს მთავრობას განუცხადა, რომ ის არასწორი მიმართულებით მიდიოდა. მაისში თბილისში ვიზიტის დროს, მდივნის თანაშემწე ჯეიმ ო'ბრაიენმა და მე ხაზგასმით აღვნიშნეთ აშშ-ის წინააღმდეგობა საქართველოს მთავრობის არადემოკრატიულ ქმედებებთან დაკავშირებით და გავაფრთხილეთ მოსალოდნელ შედეგებზე, თუ მმართველი პარტია არ შეცვლიდა კურსს. ანალოგიური გზით, სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ უზრა ზეიამ და მდივნის მოადგილემ ჯონ ბასმა ცოტა ხნის წინ გაუმეორეს ქართველ ოფიციალურ პირებს, რომ ხელისუფლების ქმედებები შეუთავსებელია იმ დემოკრატიულ ღირებულებებთან, რომლებიც საფუძვლად უდევს ევროკავშირსა და NATO-ში წევრობას.

საქართველოს მმართველი პარტიის გადაწყვეტილებების შედეგად, 23 მაისს მდივანმა გამოაცხადა სავიზო შეზღუდვის პოლიტიკა, რათა ხელი შეუწყოს მათ პასუხისმგებლობას, ვინც ძირს უთხრის საქართველოში დემოკრატიას. მან ასევე გამოაცხადა ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველი მიმოხილვა, მათ შორის ჩვენი დახმარება საქართველოსთვის.

6 ივნისს, ჩვენ დავუწესეთ სავიზო შეზღუდვები მმართველი პარტიის ათობით წარმომადგენელს, პარლამენტარებსა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან და მონაწილეობდნენ საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში. ეს ნაბიჯები ემყარება ჩვენს წინა ქმედებებს, ისეთებს, როგორებიც იყო კორუმპირებული მოსამართლეებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესება და ქართველი-რუსი ოლიგარქისთვის, FSB-სთან კავშირში მყოფი ოთარ ფარცხალაძისთვის ფინანსური სანქციების დაწესება. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ უწყებათაშორის კოლეგებთან დამატებით ნაბიჯებზე, ეს მათ შორის მოიცავს დახმარების პროგრამების პოტენციურ გადამისამართებას ან შეჩერებას და პოლიტიკური ჩართულობის გაუქმებას

ჩვენ კვლავ ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ლიდერები გადახედავენ საკუთარ ქმედებებს, დააბრუნებენ საქართველოს დემოკრატიულ ტრაექტორიაზე და შეასრულებენ ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებას. ჩვენ ნათლად ვუთხარით მთავრობას, რომ დემოკრატიული პრინციპებისადმი მისი ერთგულების დემონსტრირების საუკეთესო საშუალებაა - "უცხოურ გავლენებზე" კანონის გაუქმება, სხვა ანტიდემოკრატიული კანონების შეჩერება და წინასაარჩევნო პერიოდისა და ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების თავისუფლად ჩატარება და უზრუნველყოფა. ჩვენ ასევე მკაფიოდ ვუთხარით, რომ პარტიის ლიდერებმა უნდა დაასრულონ დეზინფორმაციის გავრცელება აშშ-სა და ევროკავშირზე.

შეერთებული შტატების მსგავსად, ევროკავშირმა და ევროპელმა პარტნიორებმაც ნათლად განაცხადეს, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებებს სერიოზული შედეგები მოჰყვება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციაზე. ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირის ბოლო განცხადებას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დე ფაქტო გაყინვის შესახებ და საქართველოსთვის განკუთვნილი ევროპული სამშვიდობო ფონდიდან 30 მილიონი ევროს გამოყოფის შესახებ", - თქვა მან სიტყვით გამოსვლის დროს. 


close დახურვა