"ქართული ოცნების" მთავრობამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გელა ჭიღლაძის საქმე წააგო.
საქმე 2019 წლის 20-21 ივნისის "გავრილოვის ღამის" აქციის დარბევისას ჭიღლაძის დაკავებას ეხება.
სასამართლომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურული ნაწილის დარღვევა დაადგინა. აღნიშნულია, რომ სახელმწიფომ გელა ჭიღლაძის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტი ეფექტიანად ვერ გამოიძია.
გადაწყვეტილების მიხედვით, არსებული მტკიცებულებები საკმარისი არ იყო, რათა გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილიყო, რომ ჭიღლაძეს მის მიერ აღწერილ გარემოებებში არასათანადოდ მოეპყრნენ. სასამართლომ ამის მიზეზებად როგორც ხარვეზები გამოძიებაში, ისე მომჩივნის მონათხრობში წინააღმდეგობები დაასახელა.
სასამართლოს შეფასებით, გამოძიება დაგვიანებით წარიმართა, ვერ მოხერხდა სათვალთვალო კამერების ჩანაწერების მოპოვება, ხოლო მოწმეები მოვლენებიდან თითქმის ორი წლის შემდეგ დაკითხეს. აღნიშნულმა ხარვეზებმა გამოძიების ეფექტიანობა შეამცირა.
სასამართლომ ვერ დაადგინა, რომ განმცხადებლის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტი გონივრულ ეჭვს მიღმა იყო დადასტურებული. შესაბამისად, კონვენციის მე-3 მუხლის მატერიალური ასპექტის დარღვევა არ დაუდგენია.
სასამართლომ ასევე არ დააკმაყოფილა საჩივრის ის ნაწილი, რომელიც კონვენციის მე-6 მუხლის სავარაუდო დარღვევას ეხებოდა და ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილებების დასაბუთებას ეჭვქვეშ აყენებდა.
საბოლოოდ, საქართველოს ჭიღლაძისთვის სამი თვის ვადაში მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 1 800 ევროს, ხოლო სტრასბურგში საქმის წარმოების ხარჯებისთვის 2 000 ევროს გადახდა დაეკისრა.
მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
