ქართული ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ის "უკავშირდება საქართველოს მოქალაქეების მხრიდან აშშ-ის სავიზო პოლიტიკის დარღვევების მაღალი მაჩვენებელს, რის თაობაზეც აშშ-მხარის მიერ იქნა განმარტებული".
ოცნების საგარეოს განმარტებას სამთავრობო TV იმედი ავრცელებს.
"აშშ-ის გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის არასაემიგრაციო ვიზების გაცემასთან დაკავშირებით საგარანტიო თანხის დაწესების თაობაზე, სამწუხაროდ, უკავშირდება საქართველოს მოქალაქეების მხრიდან აშშ-ის სავიზო პოლიტიკის დარღვევების მაღალი მაჩვენებელს, რის თაობაზეც აშშ-მხარის მიერ იქნა განმარტებული.
ცნობილია პრეზიდენტ ტრაპის ადმინისტრაციის მკაცრი საემიგრაციო პოლიტიკა, რაც აისახება კონკრეტულ ნაბიჯებში და ეს გადაწყვეტილებაც არის გამკაცრებული საემიგრაციო პოლიტიკის ნაწილი.
შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, მკაცრად დაიცვან აშშ-ის სავიზო რეგულაციები და არ დაარღვიონ მოქმედი სავიზო რეჟიმი, რაც მისცემს საქართველოს შესაძლებლობას, გააგრძელოს მუშაობა ამერიკულ მხარესთან აღნიშნულ საკითხზე", - აცხადებენ საგარეოში.
***
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, 50 ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში ვიზიტისთვის ვიზის მისაღებად განაცხადის გაკეთებისას $15 000-მდე ოდენობის დეპოზიტი ექნებათ გადასახდელი.
Reuters-თან ანონიმურობის პირობით სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ჩამონათვალს ემატება 12 ქვეყანა, მათ შორის საქართველო, ძირითადად კი - აფრიკის კონტინენტის ქვეყნები.
ვიზის დეპოზიტის პროგრამაში ახლად დამატებული ქვეყნებია: საქართველო, კამბოჯა, ეთიოპია, გრენადა, ლესოთი, მავრიკი, მონღოლეთი, მოზამბიკი, ნიკარაგუა, პაპუა-ახალი გვინეა, სეიშელები და ტუნისი.
გაფართოებული ვიზის დეპოზიტის პროგრამა, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს $15,000-ის გადახდას ავალდებულებს, როგორც საქმიანი (B1), ასევე ტურისტული (B2) ვიზების მისაღებად - ძალაში 2 აპრილიდან შევა.
სავიზო დეპოზიტის საპილოტე პროგრამა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ გასულ წელს შემოიღო ვიზის ვადის გადაცილებასთან ბრძოლისა და უკანონო მიგრაციის შეზღუდვის მიზნით.
