logo
ENG



ოცნების სიტყვა და საქმე ერთმანეთისგან განსხვავდება - ოპოზიცია თალაკვაძის განცხადებას აფასებს

16 თებ 202014:12
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის შეთავაზებას პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა. თალაკვაძის მიერ კიდევ ერთხელ შემოთავაზებული 100/50 საარჩევნო მოდელი ოპოზიციისთვის მიუღებელია და ეს ახალი არ არის. შესაბამისად, ოპოზიცია მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნებას არ აპირებს, ხოლო ხელისუფლების შეთავაზება მორიგი ტყუილია. 

"ქართული ოცნების სიტყვა და საქმე ერთმანეთისგან განსხვავდება. ხელისუფლება მატყუარაა მთელი დასავლეთის თვალში. ჩვენ მარტო იმაში კი არ გვაქვს პრობლემა, რომ პროპორციულში არ გვეთანხმებიან, არამედ ასოცირების ხელშეკრულების ნაწილშიც გვაქვს პრობლემა. როგორც ჩანს სხვა გზა არ აქვთ და ამიტომ თავს იშტერებენ", - აღნიშნავს გიორგი ვაშაძე. 

ერთიანი ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ხელისუფლების ქმედებები მორიგი სიცრუეა, ამიტომ "ქართული ოცნების" შეთავაზებაზე დათანხმებას არ აპირებს. 

"ეს შეთავაზება 3 კვირის წინ წარგვიდგინეს და მაშინვე ვთქვით უარი. ამერიკაში ჩავიდა იმიტომ, რომ თითქოს მოლაპარაკება ხელისუფლებას სურს. სინამდვილეში, თუ ვინმემ ჩაშალა მოლაპარაკება, ეს ოცნების არაადეკვატური და სადამსჯელო ოპერაციებია", - მიიჩნევს გიგლა ბარამიძე.

აღსანიშნავია, რომ ოპოზიციის მომდევნო შეხვედრა "ლეიბორისტულ პარტიაში" მომდევნო კვირასაა დანიშნული.

 


close დახურვა