logo
ENG



პაატა ბურჭულაძეს 65 წელი შეუსრულდა

12 თებ 202020:43
3 წუთის საკითხავი
 

მსოფლიო ბანი დღეს იუბილარია, პაატა ბურჭულაძეს 65 წელი შეუსრულდა. მსოფლიო სცენების ვარსკვლავი დაბადების დღეს მოკრძალებულად აღნიშნავს, მშობლიური ქვეყნიდან შორს.

თბილისში პაატა ბურჭულაძის იუბილეს მეგობრები ერთად შეხვდნენ, წლების წინ კი ამ დღეს თბილისს ლეგენდარული მომღერლები სტუმრობდნენ, ეს მანამდე ვიდრე, მსოფლიო ბანი ბიძინა ივანიშვილის კონკურენტი გახდებოდა. იუბილარი ქვეყნიდან სწორედ პოლიტიკური პროცესების შემდეგ, ევროპაში საცხოვრებლად გადავიდა.  

ბურჭულაძის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენას, მისი და მის მიერ დაფუძნებული ფონდის - „იავნანას“ წინააღმდეგ საქმის აღძვრა მოჰყვა. დღეს მსოფლიო ბანი აცხადებს, რომ ეს მის ცხოვრებაში ყველაზე რთული პერიოდი იყო, თუმცა პოლიტიკაში ჩართვას მაინც არ ნანობს.

პოლიტიკამდე დიდი ხნით ადრე იყო საოპერო სცენა და მსოფლიო აღიარება. პაატა ბურჭულაძე სცენაზე მსოფლიო ვარსკვლავებთან ერთად ჩნდება. აფიშებზე პაატა ბურჭულაძის სახელი და გვარი დიდი ასოებით იწერება. 1987 წელს მსოფლიოში აღიარებული დირიჟორი ჰერბერტ ფონ კარაიანი მას „მეორე შალიაპინს“ უწოდებს.

წარმატების გზაზე ბანის ყველაზე დიდი გულშემატკივარი მისი ოჯახია. აქვე გროვდებოდა ის უამრავი ჯილდო თუ საჩუქარი, რაც პაატა ბურჭულაძის სცენაზე გამოჩენას თან ახლდა. თითოეული ეს ნივთი ბანისთვის ძვირფასია, თუმცა მთავარ მიღწევად ცხოვრებაში ფონად „იავნანას“ დაფუძნებასა და მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის მშენებლობას მიიჩნევს. 

როიალი, ჩელო და გიტარა, - წელს თბილისში პაატა ბურჭულაძის იუბილე უფრო მოკრძალებულად აღინიშნა. პაატა ბურჭულაძის მუსიკალური სალონი „იავნანა" მიშიკო და ლიზა რამიშვილების საღამოს მასპინძლობს. 

თავად ბანი ღონისძიებას არ დასწრებია, თუმცა მას სჯერა რომ 70-ე დაბადების დღეს ისევ სამშობლოში და ისევ გრანდიოზულად იზეიმებს. 


close დახურვა