logo
ENG



პანდემია და ბოშების ცხოვრება საქართველოში

22 სექ 202212:40
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/21/98s5rt73psmo0vw.jpg
ფოტო: ლიბერალი

როცა ბოშების შესახებ მასალის მომზადება გადავწყვიტე, შესაბამისი გეგმა დავსახე და განხორციელებისთვის შესაბამისი ნაბიჯები გავწერე. ფოკუსი ბოშები და კორონავირუსი იყო. ჩემს გონებაში მუშაობა მარტივი უნდა ყოფილიყო: წავიდოდი კახეთში - თელავსა და დედოფლისწყაროში, ასევე, გარდაბანში, თბილისში კი - ლილოსა და სამგორში, სადაც ბოშათა დასახლებებია, ინტერვიუს ჩამოვართმევდი რამდენიმე მათგანს - ისინი მომიყვებოდნენ, იავადმყოფეს თუ არა, თუ დასჭირდათ ჰოსპიტალიზაცია, გაიკეთეს თუ არა აცრები - ჰქონდათ თუ არა ინფორმაცია ამის შესახებ. როგორ აისახა მათზე საქართველოში რამდენჯერმე რამდენიმე თვით გამოცხადებული საყოველთაო კარანტინი, როგორ აისახა ჩაკეტვა იმ ბავშვებზე, რომლებიც სკოლაში დადიან - თუ საერთოდ დადიან. 

წინასწარ დათქმულ ადგილებზე ოპერატორთან ერთად მივედი, თუმცა, ჩემთან - მათთვის უცნობ ჟურნალისტთან ლაპარაკი ბოშებმა არ ისურვეს. ინტერვიუზე მხოლოდ დედოფლისწყაროს სოფელ ჭოეთში (ყოფილი ლენინოვკა) მცხოვრები ბოშა კაცი, პავლიკი დამთანხმდა.  

ბოშების ცხოვრებასა და პრობლემებზე მათთან მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციისა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლებთან ვისაუბრეთ. 

პავლიკი ჭოეთში ცხოვრობს, ისევე, როგორც ბოშათა სხვა 20-მდე ოჯახი. სოფელს ადრე ლენინოვკა ერქვა. პავლიკი გვეუბნება, რომ ის და მისი წინაპრები აქ "უკვე 100 წელია, არიან". 

სოფელ ჭოეთში მცხოვრები ბოშა, პავლიკი

"აქ დავიბადეთ, მოვინათლეთ, ვცხოვრობთ ჩვეულებრივი ცხოვრებით. დოკუმენტებთან დაკავშირებითაც პრობლემები არ გვაქვს. მთელი სოფელი ასეა. არანაირი პრობლემა არ გვაქვს"

ყვება, რომ ჩვეულებრივად ცხოვრობს და სხვებისგან გამორჩეული არ არის. პრობლემა არც პანდემიის პიკის დროს ჰქონია. 

"როგორც ყველამ გადაიტანა [პანდემია], ისე მეც. მე ხომ განსაკუთრებული არ ვარ.​ კორონავირუსი არ გვქონია, ცოლს ჰქონდა. ისინი სახლში იყვნენ, ექიმები რეკავდნენ, ამოწმებდნენ. ყველაფერი ნორმალურად, კარგად გადავიტანეთ"

მისივე თქმით, პრობლემა არც მის 5 შვილს ჰქონია - ყველას, ვინც სკოლაში დადის, ე.წ ბუქები აქვს და ონლაინ გაკვეთილებს მათი დახმარებით ესწრებოდნენ. 

“როცა ინტერნეტი იყო სწავლობდნენ. ზოგჯერ იყო ისე, რომ არ იყო ინტერნეტი". 

ოჯახში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მხოლოდ პავლიკმა გაიკეთა, ვინაიდან სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობს. თავისი ოჯახის სხვა წევრებსაც მან გადაუწყვიტა, რომ ისინი არ აიცრებოდნენ.  

ბოშათა თემი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია, მათ შორის, კორონავირუსის კუთხითაც. 

ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გვითხრეს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული ყველა საკითხი ამ შემთხვევაში დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ეხება. NCDC-ს კი არ აქვს მონაცემები ბოშათა ინფიცირების, აცრის და მათთვის სხვა სერვისების მიწოდების შესახებ. 

ჩვენ მოქალაქეებს ერთმანეთისგან არ ვასხვავებთ”. - გვითხრა NCDC-ის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა. 

კორონავირუსის შესახებ კონკრეტულად ბოშათა თემში საინფორმაციო კამპანია არავის ჩაუტარებია.

"ბოშას კორონავირუსი არ ეკარება"

ინტერვიუზე უარი გვითხრეს გუდარეხის ქუჩაზე მცხოვრებმა ბოშებმა. თუმცა, რამდენიმე მათგანთან, ვინც იმავე ქუჩაზე ჩაიარა, კითხვების დადევნება ვცადე. 

"არა, კორონავირუსი არ გვქონია".

"აცრა არ გამიკეთებია, ნემსის გვეშინოდა". - მოკლედ მპასუხობდნენ ისინი. 

ბოშათა თემის წევრები ლელა ცქიტიშვილსაც ხშირად ეუბნებოდნენ, რომ ბოშას კორონავირუსი არ ეკარება. 

თუმცა, აქ ამბის მოყოლა შორიდან უნდა დავიწყოთ. 

ლელა ცქიტიშვილი საქართველოს განათლების სამინისტროში ხელმძღვანელობს პროგრამას სახელწოდებით განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა სოციალური ინკლუზიით. პროგრამის სხვადასხვა პროექტს უცხოელი დონორები აფინანსებენ. 

ის 2009 წლიდან, სხვადასხვა ბენეფიციართან ერთად, ბოშებთანაც მუშაობს მათი სოციალიზაციის კუთხით და ბოშა ბავშვები სასკოლო კლუბებში თავისუფალი დროის სწორი ორგანიზების მიზნით ყავს გაერთიანებული. 

ლელა ცქიტიშვილი ბოშა მოსწავლეებთან ერთად

ლელა გვიყვება, რომ ბოშა ბავშვებისთვის სკოლაში სწავლის უზრუნველსაყოფად მასაც კარდაკარ მოუწია თემის დასახლებების ძებნა. 

"2014 წელს სკოლაში დადიოდა 88 ბოშა, 2016-2017-ში - 225. ახლა 336 ბოშა მოზარდია სკოლაში. პირდაპირ როგორ მივაგნებთ, სად ცხოვრობენ. ამიტომ, ვითხოვთ ინფორმაციას სკოლებიდან. ამით ვადგენთ, სად ცხოვრობენ, სად არის ბოშური თემი. ასე მივაგენით. კახეთში ვიცით (სად ცხოვრობენ), ქუთაისში, ქობულეთში, ზუგდიდში და ფოთში, სენაკშიც ვმუშაობთ და ნელ-ნელა ბოშა მოსწავლეების რაოდენობაც იზრდება". - ამბობს ლელა ცქიტიშვილი. 

ის გვიყვება შემთხვევას, როცა 18 წლის ბოშა ბიჭმა მე-5 კლასში შეწყვეტილი განათლებით სწავლის გაგრძელება გადაწყვიტა. 

"როცა ჩვენი პროგრამა დაიწყო და რეჟისორი მივიყვანეთ ქობულეთის მე-5 სკოლაში ადგილობრივი თანატოლების და ბოშების გაერთიანების მიზნით და დგამდნენ სპექტაკლს. ერთ-ერთმა ბავშვმა თავისი ნათესავი მოიყვანა. 

ეს ნათესავი აღმოჩნდა 18 წლის ბიჭი, რომელსაც მე-4 მე-5 კლასში შეუჩერდა მოსწავლის სტატუსი. მან გადაწყვიტა, მონაწილეობა მიეღო სპექტაკლში, შემდეგ კი დაგვთანხმდა, რომ აღედგინა მოსწავლის სტატუსი და იმდენად დაინტერესებული იყო 9 კლასის დახურვით და კოლეჯში ჩაბარებით - ჩვენ ბევრი ვესაუბრეთ, რომ კოლეჯის დასრულების შემდეგ დასაქმების შესაძლებლობა გექნება, მან გადაწყვიტა, 70 გამოცდა ჩაებარებინა, დაასრულა 9 კლასი, ჩააბარა კოლეჯში და დაეუფლა პროფესიას. 

ამის შემდეგ მოინდომა მე-10, მე-11 და მე-12 კლასის დასრულდება, შემდეგ კი საერთაშორისო კონფერენციაზეც გამოვიდა, სადაც ის თავის წარმატებაზე ყვება"

ლელა ცქიტიშვილი ამბობს, რომ ბოშებს ძალიან უყვართ წარმატების გაზიარება. ამიტომ, ზემოთ აღწერილი ბიჭის შემთხვევის შემდეგ განათლების ინკლუზიის პროგრამაში ჩართვა სხვებმაც მოინდომეს. მისი თქმით, ეწყობა შეხვედრები, რომელსაც სხვადსხვა რეგიონიდან მოწვეული ბოშა ბავშვებიც ესწრებიან, თვითონ ხდებიან სხვა ბოშა მოზარდების როლური მოდელები და ცდილობენ, თავისივე თემში საორგანიზაციო საკითხები ჩაიბარონ.

“ეს ძალიან გამოგვადგა პანდემიის დროს, რადგან რთული ხდებოდა ურთიერთობა, ყველანი დისტანციურ რეჟიმში ვიყავით. სწორედ ამ დროს ამ ბიჭების და გოგოების დახმარებით, თავისივე თემის საჭიროებებიდან გამომდინარე, თვითონ ჩამოწერეს საჭიროებები და ჩვენ მათ ვაწვდიდით. ისე ორგანიზებულად ჰქონდათ ოჯახის წევრების ჩამონათვალი, ყველაფერი გაგვიკეთეს და დაარიგეს. ძალიან დაგვეხმარა წინა განვლილი ეტაპები პანდემიის დროს”. - ყვება ლელა. 

ლელა ცქიტიშვილს ბოშა ბენეფიციარებთან კორონავირუსის შესახებ ბევრჯერ უსაუბრია. 

როგორც ამბობს, ბოშები არ აღიარებდნენ კორონავირუსით ინფიცირებას, უჭირათ პირბადის მოხმარება. თუმცა, მოგვიანებით, ზოგიერთმა მათგანმა თქვა, რომ კოვიდდადებითია. 

"ჩვენ ბევრჯერ გვქონია საუბარი იმაზე, რომ თუ ოდნავ მაინც შენოშნავთ, რომ გარშემო, თქვენს ოჯახში კორონავირუსია, რა უნდა გააკეთონ, როგორ უნდა იარონ პირბადით. მერე დადიოდნენ პირბადით და იმასაც ამბობდნენ, რომ კორონავირუსის გამო უწევდათ გაკვეთილების გაცდენა. 

გარდაცვალების შემთხვევა არ მახსენდება. ზოგმა აღიარა, რომ მძიმედ იყო, მაგრამ სადმე ვინმე რო გარდაცვლილიყო, ამაზე ინფორმაცია არ მაქვს".

როგორ აისახა კარანტინი

ბოშების დიდი ნაწილის შემოსავლის ძირითადი წყარო გარევაჭრობაა, ბოშა კაცები მუშაობენ ჯართზეც. 

2020 წელს, როცა საქართველოში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა, მათი შემოსავლის წყარო გადაიკეტა. 

იმავე წელს გაზეთ ბათუმელების მიერ მომზადებული მასალიდან ვიგებთ, რომ ტექნიკის არქონის გამო ბოშა ბავშვები, განსაკუთრებით მაღალკლასელები, დისტანციურ გაკვეთილებს ვეღარ ესწრებოდნენ. მათი მშობლები ბაზარში ვეღარ ვაჭრობდნენ, შინ რჩებოდნენ და ხშირად ბავშვებს ქუჩაში მუშაობა და მოწყალების თხოვნა უწევდათ. 

ალიმოვების და მელამედოვების ოჯახი გელაურის ბოშათა თემში. ფოტო: ბათუმელები, 2020 წელი

შემოსავლის წყარო მოესპო ლელა ცქიტიშვილის ერთ-ერთი ბენეფიციარის ოჯახს. ბავშვის მამა სუნამოებს ყიდდა. 

"რომ ვკითხე რას შვება მამაშენი-მეთქი, ხალხი გარეთ არ გამოდის, ვის უნდა შენი სუნამოო". - გვეუბნება ლელა.  

მათ თავი სოციალური დახმარებით გაიტანეს - ვისაც დოკუმენტების პრობლემა არ აქვს, სოციალურ დახმარებას იღებს. 

დოკუმენტების პრობლემა

ბოშათა პირველი ფესტივალი თბილისში, 2011 წელი. ფოტო: ნათელა გრიგალაშვილი

საქართველოში საერთო საყოველთაო აღწერა ბოლოს 2014 წელს ჩატარდა. იმ განყოფილებაში, სადაც აღრიცხულია, რომელ რეგიონში რომელი ეთნიკური ჯგუფი და მათი რამდენი წარმომადგენელი ცხოვრობს, ბოშების შესახებ არანაირი მონაცემი არ არის. 

ბოშები ცხოვრობენ საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში: თბილისში, ქობულეთში, ქუთაისში, გარდაბანში, დედოფლისწყაროში, თელავსა და გურჯაანში.

ორგანიზაცია TDI - ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი, რომელიც 10 წელზე მეტია, ბოშათა თემთან მუშაობს, ამბობს, რომ ბოლო მონაცემებით, ოფიციალურად, საქართველოში 604 ბოშა ცხოვრობს. არაოფიციალურად, არასამთავრობო ორგანიზაციების სტატისტიკით, ეს რაოდენობა შეიძლება 3000-ს აღწევდეს. ამ რაოდენობაში მოიაზრება ე.წ. რომა ჯგუფი - ეს ბოშების ის შტოა, რომელიც ათასწლეულზე მეტი ხნის წინ ევროპის ტერიტორიაზე დასახლდა. 

ეკა ქობესაშვილი, ადამიანის უფლებათა სახლის იურისტი, ლელა ცქიტიშვილის მსგავსად გვეუბნება, რომ ბოშებს კარდაკარ დაეძებდა, რათა შემდეგ მათთვის დოკუმენტების მოწესრიგებაში დახმარება შეეთავაზებინა. 

მისგან ვიგებთ, რომ ბოშების დიდ ნაწილს არა საქართველოს მოქალაქეობა, არამედ ბინადრობის მოწმობა აქვს. 

"რთულდება მათი საქართველოში ცხოვრების დადგენა, რადგან ზრდასრული ადამიანები არიან და აქამდე მათ სახელზე დაბადების მოწმობებიც არ იყო გაცემული. ჯერ დაბადების ფაქტის დადგენა გვიწევდა და შემდეგ მათი საქართველოში ცხოვრების ფაქტის დადგენა. იმის გამო, რომ არსად იყვნენ აღრიცხულები, ჭირდა მოქალაქეობის მინიჭება. თუმცა, ეს [მოქალქეობის მიღების] შემთხვევები არის ახალგაზრდების შემთხვევაში". 

ეკა ქობესაშვილი ბენეფიციართან ერთად იუსტიციის სახლში

ეკა ქობესაშვილის თქმით, ახალაგზრდა ბოშები, რომლებმაც დოკუმენტები მოიპოვეს, ცდილობენ, ბავშვები კლინიკებში გააჩინონ, თუმცა, ბევრი მათგანი სახლშიც მშობიარობს, რის გამოც უდოკუმენტოდ ცხოვრების ახალი წრე იწყება. 

"ეს ბავშვები ჰაერში არიან. მათი დაბადების შესახებ არსად არაფერია ნათქვამი, მათზე არ არის გაცემული დაბადების მოწმობები". - ამბობს უფლებადამცველი. 

უფლებადამცველი ამბობს, რომ ის და მისი ორგანიზაცია ცდილობდნენ ბოშების საყოფაცხოვრებო პირობების უზრუნველყოფასაც. ბოშათა ნაწილი დოკუმენტების გაკეთებას სოციალური დახმარების მიღებისთვის თანხმდება. 

"თბილისში შედარებით უკეთესი მდგომარეობაა. ზოგი მათგანი ქირით ცხოვრობს და საბუთები სჭირდებოდათ სოციალური დახმარების მისაღებად, როცა გაიგეს, რომ არსებობს ასეთი სერვისი. ძირითადად, ამ სერვისის გამო იღებდნენ პირადობის მოწმობებს. 

რაც შეეხება რეგიონებში მცხოვრებ ბოშებს, იქ ყველაფერი უფრო რთულად არის. არ აქვთ მოწესრიგებული სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანი პირობები. პრობლემები იყო გაზთან დაკავშირებით, დენთან და წყალთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება უნდა იყოს უფრო აქტიური და უფრო მეტად ჩართული ამ პროცესებში და მეტი კომუნიკაცია ჰქონდეს ამ თემთან. ისინი ამბობენ, რომ მათ არავინ ესაუბრება და არავინ ახდენს კომუნიკაციას". - ამბობს ეკა ქობესაშვილი. 

საზოგადოებაში ინტეგრაცია

ფოტო: ეკატერინე ჭითანავა, 2012 წელი

"თემთან ურთიერთობის სირთულიდან გამომდინარე ვამბობდი, უფლებადამცველად ვერ ჩამოვყალიბდები, თუ ამ თემთან არ ვიმუშავებ-მეთქი". - გვეუბნება ეკა ქობესაშვილი. 

ბოშები უცხო ადამიანებთან იშვიათად ლაპარაკობენ. მათი ნდობის მოპოვება რთულია და დრო სჭირდება. ლელა ცქიტიშვილმა და ეკამ ეს დიდი ძალისხმევის შედეგად შეძლეს. 

თუმცა, ორივე მათგანი საუბრობს სტიგმასა და დანარჩენი საზოგადოების მხრიდან მიუღებლობაზე. 

"დავაპირეთ, ბაღში შეგვეყვანა გუდარეხის ქუჩაზე მცხოვრები ბოშები. მაშინ ქართველი მშობლების მხრიდან იყო წინააღმდეგობა. მათ არ უნდოდათ, რომ მათი ბავშვების გვერდით ყოფილიყვნენ ბოშა ბავშვები, რადგან ძალიან ბევრი სტერეოტიპია მათ მიმართ ჩამოყალიბებული. 

კომუნიაცია გვჭირს, იმიტომ, რომ სახელმწიფო ენა არ იციან, იმიტომ, რომ არც საზოგადოებაა მათ წინაშე პასუხისმგებელი და არც თვითონ გრძნობენ თავს ვინმეს წინაშე პასუხისმგებლად. მე მგონია, რომ ინფორმაცია მწირია საზოგადოებაში, ვინ არიან ბოშები, რა კულტურის მატარებლები არიან. რატომღაც ერევათ სხვა ქურთული ტომების წარმომადგენლებში". - ამბობს ლელა ცქიტიშვილი. 

"საზოგადოების მხრიდან არის ინტეგრაციის პრობლემები. მიუღებლობაა საზოგადოების მხრიდან. აქედან გამომდინარე, უფრო მოწყვლადები ხდებიან ეს ადამიანები და მეტი პრობლემა ჩნდება ურთიერთობების კუთხით. 

ბოშების ძირითადი პრობლემა არის კომუნიკაცია და ინფორმაციის ნაკლებობა, ენის არცოდნიდან გამომდინარე. საზოგადოების მხრიდან მიუღებლობის გამო უნდობლობა ჩნდება და თემი არ საუბრობს თავის პრობლემებზე იქ, სადაც უნდა ისაუბროს. 

ფიქრობენ, რომ ისინი არავის სჭირდება. არ იციან ენა, არც ტელევიზორები აქვთ და ინფორმაციას ვერ იღებენ". - ამბობს ეკა ქობესაშვილი. 

 

ავტორი: თამთა ნაჭყებია

მასალა მომზადებულია PIN Prague-ს პროექტის ფარგლებში. 


close დახურვა