logo
ENG



პანდემიის და ეკონომიკური კრიზისისას სიის ნომრებზე ფიქრის დრო არ გვაქვს - გახარია

10 ივლ 202011:02
3 წუთის საკითხავი
 

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ მისთვის სულ ერთია, თუ რომელი ნომერი იქნება საარჩევნო სიაში. 

ამასთან, პრემიერის განცხადებით, მთავარია ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნები ჩატარდეს. მისივე თქმით, მთავრობის ამოცანა პანდემიის გამო შექმნილი კრიზისული მდგომარეობიდან გამოსვლაა. იგი მიიჩნევს, რომ სხვა დანარჩენი საკითხის განხილვა, მათ შორის საარჩევნო სიაში პოლიტიკოსების რიგითობა, მეორეხარისხოვანია. 

"მე ვიქნები ბოლო ნომერი, არანაირი მნიშვნელობა ჩემთვის არ აქვს, მე რომელი ნომერი ვიქნები, გულწრფელად გეუბნებით. ჩემი და მთავრობის ძირითადი ამოცანა არის პირველ რიგში პანდემია - ის, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვაკონტროლოთ თითოეული ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობის რისკები. მეორე ამოცანა გახლავთ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი -  ეკონომიკური აღორძინება, აღდგენა პოსტპანდემიურ პერიოდში. ჩვენი ეპიდემიოლოგიური კრიზისი გადაიზარდა ეკონომიკურ კრიზისში და ჩვენი ამოცანა არის, რომ მინიმალური ზიანი მიადგეს თითოეულ მოქალაქეს. მესამე ამოცანაა, ამ ორი კრიზისის პირობებში, პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის პირობებში - წყნარად, მშვიდად და დემოკრატიულად ჩავატაროთ არჩევნები.

როგორ ფიქრობთ? ამ სამი უდიდესი გამოწვევის, ომის... თავიდანვე ვამბობდით, რომ ორ ფრონტზე ვიბრძვით, ჩათვალეთ, რომ ახლა მესამე ფრონტზე ვიბრძვით, ამის პირობებში ან მე ან მთავრობის რომელიმე წევრს აქვს დრო იმისთვის, რომ ვიმსჯელოთ ან დისკუსიები გავმართოთ, პირველი სიაში ვინ იქნება ან მეორე? არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.  მთავარია ქვეყანაში ყველამ ერთად - ოპოზიციამ, მთავრობამ, სამოქალაქო საზოგადოებამ, ჩავატაროთ სანიმუშო არჩევნები”, - განაცხადა გახარიამ.


close დახურვა