logo
ENG



პანკისში მკვლელობის ადგილას ექსპერტ-კრიმინალისტები მიემგზავრებიან

27 ნოე 201916:00
3 წუთის საკითხავი
 
b8qnuznt4gkbfob.jpg

პანკისში მკვლელობის ადგილას ექსპერტ-კრიმინალისტებს მუშაობა ჯერჯერობით არ დაუწყიათ. ისინი ამ დროისათვის მიემგზავრებიან პანკისში. პოლიცია ამ დრომდე იცავს შემთხვევის ადგილს და სოფელში შესვლაც შეზღუდულია. „ფორმულას“ ინფორმაციით, დაპირისპირების ადგილას რამდენიმე ცეცხლსასროლი იარაღია ნაპოვნი და ერთ-ერთი ვერსიით, მოძრავი კრიმინლისტიკური ლაბორატორიის გადაყვანა ამიტომაც გახდა საჭირო. პოლიციას ამ დრომდე არ დაუდგენია, რომელი იარაღიდანაა მომხდარი მკვლელობა.

პანკისში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განცხადებებს უკვე აკეთებენ პოლიტიკოსები. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ამ ვითარებაზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას მმართველ ძალას აკისრებენ.

„მინდა სამძიმარი გამოვუცხადო დაღუპულის ოჯახს და გამოჯანმრთელება ვუსურვო დაშავებულებს. რა თქმა უნდა, ამ ტიპის ტრაგედია შეიძლება მოხდეს ყველგან, ქვეყანაშიც, სადაც ყველაფერი წესრიგშია და ავტომატურად იმაზე საუბარი, რომ მთავრობაა პასუხისმგებელი, არ არის სწორი. მაგრამ ყველა მონაცემით, რომელიც გაგვაჩნია, ეს ტრაგედია უკავშირდება იმ მოვლენებს, რომელიც განვითარდა არც თუ ისე დიდი ხნის წინ ჰესთან დაკავშირებით. საუბარი იყო, რომ ერთი მხარე მოწინააღმდეგე იყო, მეორე მომხრე - სწორედ ამ ტიპის გარიგებებში მონაწილეობდა სახელმწიფო. ის ვითარება, რომელიც არის პანკისში და მთელ ქვეყანაში, არის მთლიანად ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკისა და დამოკიდებულების შედეგი ჩვენი მოქალაქეების მიმართ“, - აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია.

ოპოზიციაში, ასევე, აცხადებენ, რომ ხელისუფლებას მართვის სადავეები გაექცა და ეს ქაოტური სიტუაცია სწორედ ამის შედეგია.

„ხელისუფლებას აქვს გაქცეული მართვის სადავეები და ეს ქაოსი, რომელიც სულდგმულობს ყველა რეგიონსა და რაიონში ჩვენი ქვეყნის, არის შედეგი ამ ხელისუფლების არაკომპეტენტურობისა“, - აცხადებს ნიკა მელია.

შეგახსენებთ, რომ პანკისის რაიონის სოფელ საკობიანოში მომხდარ სისხლიან გარჩევას ერთი პირი ემსხვერპლა, ოთხი კი დაჭრილია.  

 


close დახურვა