logo
ENG



პაპუაშვილია აზრით, ევროკომისია უვიზოს სანაცვლოდ "ქვეყნის დანგრევას" მოსთხოვს

10 ივნ 202623:14
3 წუთის საკითხავი
 
2026/06/10/8tp4ztbvnotwqp9.jpg

ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ფიქრობს, რომ ევროკომისია ხვალინდელ შეხვედრაზე უვიზო რეჟიმის სანაცვლოდ "ქვეყნის დანგრევას, რუსეთისთვის სანქციების დაწესებას" მოსთხოვს.

"ცდილობენ, დაგვაყარონ რაღაც პოლიტიკური კრიტერიუმები, როგორი კანონი მივიღოთ, სანქციები ვის დავუწესოთ, სავიზო რეჟიმი სად გვქონდეს, ამაზე გვესაუბრებიან, სინამდვილეში. ამაზე იქნება საუბარი ხვალ, ამ ტექნიკურ შეხვედრაზე, რატომ გაქვთ უვიზო მიმოსვლა ჩინეთთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან, იმ ქვეყნებთან, სადაც ევროკავშირს არ აქვს სავიზო მიმოსვლა და რა ვქნათ? ჩავკეთოთ? არ შემოვიდეს ჩინელი ტურისტი თუ სხვა ტურისტები ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან? მეორე - რატომ არ არის დაახლოებული თქვენი სასანქციო პოლიტიკა ევროკავშირთან? დაუწესეთ სანქციები რუსეთს, დაანგრიეთ თქვენი ქვეყანა, დაღუპეთ თქვენი ხალხი, თუ გინდათ რომ უვიზო მიმოსვლა იყოს. აი, ამაზე ექნებათ საუბარი", - თქვა შალვა პაპუშვილმა სამთავრობო, პროპაგანდისტული TV იმედის ეთერში. 

"ქართული ოცნების" საგარეო საქმეთა სამინისტროში "ფორმულას" უთხრეს, რომ ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატის მოწვევით, 11 ივნისს ქ. ბრიუსელში ქართულ მხარესა და ევროკომისიას შორის დიალოგის პირველი შეხვედრა გაიმართება.

"ევროკავშირის სავიზო რეგულაციის ((EU) 2018/1806, მუხლი 8e(9)), თანახმად შეჩერების მექანიზმის მოქმედების პერიოდში, ევროკომისიამ შესაბამის მესამე ქვეყანასთან უნდა დაიწყოს დიალოგი.

ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატის მოწვევით, 11 ივნისს ქ. ბრიუსელში საქართველოს მხარესა და ევროკომისიას შორის დიალოგის პირველი შეხვედრა გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები მიიღებენ საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი, საკონსულო და დიასპორის საკითხების დირექტორატის დირექტორის ხელმძღვანელობით", - თქვეს "ოცნების" საგარეო საქმეთა სამინისტროში.

მანამდე "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს რედაქტორმა რიკარდ იოზვიაკმა დაწერა, რომ  11 ივნისის შეხვედრაზე განიხილება, როგორც ბოლო გაფრთხილება საქართველოსადმი - უვიზო მიმოსვლის დაკარგვის საკითხი.


close დახურვა