logo
ENG



პაპუაშვილი: შავი დღეა აშშ-ის მხარდაჭერის ისტორიაში საქართველოსადმი, USAID-თან ბევრი კითხვაა

02 ოქტ 202313:26
3 წუთის საკითხავი
 
პაპუაშვილი: შავი დღეა აშშ-ის მხარდაჭერის ისტორიაში საქართველოსადმი, USAID-თან ბევრი კითხვაა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სუს-ის ბრიფინგს ეხმაურება, რომლის თანახმადაც, "სერბეთის სამი მოქალაქე, რომლებიც, მათივე მტკიცებით, დაკავშირებულები არიან 2003 წლის ვარდების რევოლუციის მოვლენებთან, საქართველოში USAID-ის პროგრამის აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მოწვევით ჩამოვიდნენ".

პაპუაშვილი კობახიძის მსგავსად USAID-ის წარმომადგენლებისგან განმარტებების გაკეთებას ითხოვს და აღნიშნავს, რომ "საქართველოს მიმართ აშშ-ის მხარდაჭერის ისტორიაში შავი დღეა".

"სამწუხაროდ, არის შავი დღე ამერიკის მხარდაჭერის ისტორიაში საქართველოს მიმართ და ვფიქრობ, რომ USAID-ის მიმართ დაგროვდა ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი კითხვები და მნიშვნელოვანია, რომ USAID-ის წარმომადგენლებმა ამაზე განმარტებები გააკეთონ. [...] ძალიან ბევრი კითხვა დაგროვდა და, რა თქმა უნდა, რეპუტაციისთვის ამერიკული დახმარებისა საქართველოში მნიშვნელოვანია ეს ითქვას", - ამბობს პაპუაშვილი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური "გადატრიალების საქმეზე" მორიგ განცხადებას ავრცელებს და ამჯერად USAID-სა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე საუბრობს.

მათი თქმით, სერბეთის სამი მოქალაქე, რომლებიც, მათივე მტკიცებით, დაკავშირებულები არიან 2003 წლის ვარდების რევოლუციის მოვლენებთან, საქართველოში USAID-ის პროგრამის აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მოწვევით ჩამოვიდნენ.

სუს-ის მტკიცებით, მათი საქართველოში ჩამოსვლის გაცხადებული მიზეზი იყო კულტურის სფეროში მოღვაწე ჯგუფებისთვის ტრენინგების ჩატარება "სტრატეგიული არაძალადობრივი ბრძოლის" საკითხებში, მაგრამ, მათივე თქმით, გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოში მათი ჩამოსვლის მიზანი მხოლოდ ეს არ იყო.

"კერძოდ, ვიზიტის რეალური დანიშნულება იყო იმ ახალგაზრდებსა და გავლენიან არასამთავრობო ორგანიზაციებთან კომუნიკაციის დამყარება და ტრენინგების ჩატარება, რომლებიც საქართველოში მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში დაგეგმილი დესტრუქციული მოქმედებების და კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ბირთვი უნდა გახდნენ", - ამტკიცებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

სუს-მა პირველად 18 სექტემბერს გაავრცელა განცხადება და თქვა, რომ ოქტომბერ-დეკემბერში "დესტაბილიზაცია და სამოქალაქო არეულობის მოწყობა" იგეგმება. უწყება განცხადებაში აღნიშნავს, რომ ამას "საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი" გეგმავს.


close დახურვა