logo
ENG



პარიზის გარეუბნის მერი აცხადებს, რომ აქტივისტებმა მის სახლს ცეცხლი წაუკიდეს

02 ივლ 202313:16
3 წუთის საკითხავი
 
Juan Medina/Reuters

პარიზის გარეუბანში დასახლება ლ’აი-ლე-როზის მერის ვინსენტ ჟანბრანის თქმით, გასულ ღამეს ქვეყანაში მასშტაბური აქციების ფონზე, ფრანგი აქტივისტები მის სახლს თავს დაესხნენ, ცეცხლი წაუკიდეს და მისი ოჯახის წევრების მოკვლა სცადეს.

"დაახლოებით 01:30-ზე, როცა მე ქალაქის საკრებულოში ვიმყოფებოდი წინა 3 ღამის მსგავსად, ინდივიდებმა მანქანით დაეჯახნენ ჩემს საცხოვრებელს ვიდრე მას ცეცხლს წაუკიდებდნენ, რათა ჩემი სახლი დაეწვათ, სადაც ჩემს ცოლს და 2 მცირეწლოვან შვილს ეძინათ" - განაცხადა ჟანბრანმა.

მისი თქმით, შვილების დაცვისა და თავდამსხმელებისგან თავის დაღწევის მცდელობისას მისი ცოლი და ერთ-ერთი შვილი დაშავდნენ.

გუშინ ღამით საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქში აქციებისას პოლიციამ 700-ზე მეტი ადამიანი დააკავა. ინფორმაციას საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, გუშინდელ აქციებზე 45 პოლიციის ოფიცერი დაშავდა და დაზიანდა 74 შენობა, მათგან 26 პოლიციის და ჟანდარმების განყოფილებაა. სამინისტროს ცნობით, გუშინ ღამით ქუჩებში 577 სატრანსპორტო საშუალებას წაუკიდეს ცეცხლი.

საფრანგეთში უკვე მეექვსე დღეა მასშტაბური პროტესტი მიმდინარეობს. პროტესტი 27 ივნისს პარიზის გარეუბანში, ნანტერში პოლიციის ოფიცრის მიერ 17 წლის ალჟირელი ბიჭის  მკვლელობას მოჰყვა.

პოლიციის ინფორმაციით, ავტომობილის საჭესთან მჯდომმა მოზარდმა, ნაელ მ.-მა უარი თქვა დამორჩილებოდა მათ მოთხოვნას, რის გამოც ესროლეს. თუმცაღა მოგვიანებით გავრცელებული ვიდეოჩანაწერში, რომელიც სოციალურ ქსელებშიც გავრცელდა, ჩანს, რომ ავტომობილის შემოწმების დროს ერთ-ერთ პოლიციელს მოზარდი მიზანში ჰყავს ამოღებული. როდესაც ავტომობილი დაიძრა, პოლიციელმა ისროლა და მძღოლს მკერდში მოარტყა. შემთხვევის ადგილზე მისულმა ექიმებმა 17 წლის ბიჭის გადარჩენა ვერ მოახერხეს. როგორც ცნობილია, ბიჭი წარმოშობით ალჟირელი იყო. 

Rfi-ს ინფორმაციით, 38 წლის პოლიციელი, რომელმაც მძღოლს ესროლა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. იგი ამბობს, რომ ისროლა, რადგანაც ეგონა, რომ მისი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ იყო. 

სროლის დროს მანქანაში კიდევ ორი ადამიანი ​​იმყოფებოდა. ერთი გაიქცა, მეორე კი, ასევე არასრულწლოვანი, პოლიციამ დააკავა.

30 ივნისს მოკლული მოზარდის დედამ განაცხადა, რომ ის მხოლოდ იმ ოფიცერს ადანაშაულებს, ვინც მის შვილს ესროლა. თუმცა მომხდარმა საფრანგეთში ახალი საპროტესტო ტალღა გამოიწვია. აქტივისტები საფრანგეთის პოლიციას ძალის გადამეტებასა და ფერადკანიანი მოსახლეობისადმი დისკრიმინაციაში ადანაშაულებენ.


close დახურვა