logo

პარიზის მერი, რომელმაც კაცებით თანამდებობების მხოლოდ 30% შეავსო, დაჯარიმდა

17 დეკ 202015:30
3 წუთის საკითხავი
clock 1686
2020/12/17/rrtl92flzkfjtnt.jpg

პარიზის მერია სამოქალაქო მომსახურების სამინისტრომ წამყვან პოზიციებზე დანიშვნისას გენდერული ბალანსის  პრინციპის უგულებელყოფისთვის 90 000 ევროთი დააჯარიმა, თუმცა ვითარება ტრადიციულისგან ოდნავ განსხვავებულია. პარიზის მერმა ანე იდალგომ 2018 წელს საქალაქო სამსახურების 16 ხელმძღვანელი პოზიციიდან 11-ზე ქალი დანიშნა და ამით დაარღვია კანონი, რომელიც მერს ავალდებულებდა, დანიშვნისას არც ერთი სქესისთვის მიეცა 60%-ზე მეტი წარმომადგენლობა.  

ტექნიკურად კანონი, რომლის გამოც ქალაქი დაჯარიმდა, 2019 წელს შეიცვალა და ის ჯარიმას მხოლოდ მაშინ ითვალისწინებს, როდესაც რომელიმე წელს თანამდებობებზე ადამიანების დანიშვნისას ზოგადი გენდერული დისბალანსი დაირღვევა, თუმცა მერის გადაწყვეტილება კანონის სახეცვლილ ვერსიას ერთი წლით უსწრებდა წინ. 

"ბედნიერი ვარ, რომ ეს ჯარიმა დაგვეკისრა", - აცხადებს საფრანგეთის დედაქალაქის მერად არჩეული პირველი ქალი. 

 მიუხედავად იმისა, რომ იდალგო ჯარიმის დაკისრების გადაწყვეტილებას აბსურდულს უწოდებს, სოციალისტი მერი აცხადებს, რომ ეს კიდევ ერთი შესაძლებლობაა ქვეყანაში გენდერული დისბალანსისა და სისტემური პრობლემების შესახებ საჯარო დისკუსიის წამოსაწყებად და ამისთვის იდაგლო მზად არის, ქალაქისთვის დაკისრებული ჯარიმა პირადი სახსრებით დაფაროს.  

2018 წელს საქალაქო სამსახურებში წამყვან თანამდებობებზე ქალთა წარმომადგენლობა 31%-ს შეადგენდა, იდალგოს მერად არჩევის შემდეგ კი, ეს რიცხვი 47%-მდე გაიზარდა, რასაც თავად მერი დიდ წარმატებად მიიჩნევს. 

"დიახ, ჩვენ გამბედავად და შეუპოვრად უნდა შევუწყოთ ქალებს ხელი, რადგან სქესთა წარმიმადგენლობის მხრივ კვლავ დიდია აცდენა საფრანგეთში", - ამბობს იდალგო, რომელიც მეორე ვადით წელს აირჩიეს, - "ქალების ხელშეწყობისთვის და გენდერული თანასწორობის მისაღწევად, ჩვენ უნდა გადავდგათ მრავალი ნაბიჯი და მათ შორის, უზრუნველვყოთ, რომ კაცზე მეტი ქალი დაინიშნოს წამყვან პოზიციებზე". 

მეორე ვადის საარჩევნო კამპანიის დროს იდალგო პარიზის "ფემინიზმის დედაქალაქად" ქცევაზე საუბრობდა და გასცა დაპირება, რომ ქალებისთვის სერვისებს გაზრდიდა სკოლებში, ჯანდაცვასა და ოჯახური ძალადობის მსხვერპლთათვის. 

საჯარო თანამდებობებზე დანიშვნისას სავალდებულო კვოტირების სისტემა საფრანგეთში 2012 წლიდან მოქმედებს. 

close დახურვა