„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ პარლამენტის წევრის, ჯუმბერს იზორიას ძმისგან ჩხოროწყუს მერიის ააიპ-ი საწვავს გამარტივებული წესით ყიდულობს.
არასამთავრობო ორგანიზაცია მოუწოდებს „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს“, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, შეისწავლოს ა(ა)იპ “ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მექანიზაციის, დასუფთავების, კეთილმოწყობისა და სასაფლაოების მოვლა–პატრონობის ცენტრის” მიერ საწვავის შესყიდვის პროცესის კანონიერების საკითხი.
როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, „მუნიციპალური ა(ა)იპ ბადრი იზორიასთან გამარტივებული შესყიდვების ხელშეკრულებას 2018 წლის ივლისიდან აფორმებს, სულ 17 ხელშეკრულება იქნა გაფორმებული, რომელთაგან 16 შემთხვევაში ა(ა)იპ-მ საწვავი შეისყიდა, ერთხელ კი საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურება. 2018 წელს პირდაპირი წესით საწვავი სამჯერ იქნა შესყიდული, 2019 წელს 12-ჯერ, 2020 წელს კი ერთხელ. ხელშეკრულებების ჯამურმა ღირებულებამ კი 145 966 ლარი შეადგინა".