პარლამენტში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრს ელოდებიან. დეპუტატები სამინისტროს საიდუმლო შესყიდვების შესახებ მოისმენენ ინფორმაციას.
ნდობის ჯგუფის ფორმატიდან გამომდინარე, შეხვედრა დახურულ რეჟიმში გაიმართება.
შეხვედრაზე დაგეგმილია საუბარი შინაგან საქმეთა სამინისტროს საიდუმლო შესყიდვებსა და ოპერატიულ საქმიანობაზე. შეხვედრის მონაწილეებს დეტალებზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.
„ევროპული საქართველოს“ წევრი ირაკლი აბესაძე აპირებს მინისტრს ჰკითხოს ოთხოზორი-ტატუნაშვილის სიაზე, კონკრეტულად, რატომ ვერ ხერხდება ამ სიაში მყოფი ადამიანების იდენტიფიცირება, რომლებიც საქართველოს მოქალაქეების მკვლელობაში არიან ბრალდებულნი, ასევე, ის შეეხება 20 ივნისის დარბევას და ჰკითხავს გომელაურს, რა რაოდენობის სპეციალური მასალა იყო გამოყენებული ამ აქციაზე.
შეხვედრაზე საუბარი იქნება საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე მოვლენებზე, უკანონო ბორდერიზაციაზე და სოფელ ჩორჩანის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე. საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. სპეცსამსახურებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ჩორჩანაში ქართველი სამართალდამცველები გადავიდნენ მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, რისი მიზანიც პროვოკაციების მოწყობა იყო.
შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვედრის დაწყების წინ ამ საკითხებზე კომენტარი არ გაუკეთებია. ის კომენტარს შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთებს.