logo
ENG



პატრიარქის ტახტისთვის ბრძოლა გრძელდება

06 ნოე 201919:27
3 წუთის საკითხავი
 
su2vkvsm04lus2m.png

ეკლესიაში განვითარებული ხმაურიანი მოვლენების პარალელურად, დღეს მედიაში მეუფე სერაფიმეს შემთხვევა კიდევ ერთხელ გაიხსენეს. ბორჯომისა და ბაკურიანის ყოფილი მიტროპოლიტი, რომელიც  სამი წლის წინ არასრულწლოვანი გოგონას მიმართ გარყვნილ ქმედებაში დაადანაშაულეს, ეპარქიას ჩამოშორდა. მაშინ საპატრიარქომ მიტროპოლიტის ეპარქიიდან წასვლის მიზეზად მისი პირადი თხოვნა დაასახელა. მოგვიანებით სინოდის გადაწყვეტილებით, მიტროპოლიტ სერაფიმეს მღვდელმოქმედება აღუდგა და საპატრიარქოსგან ყოველთვიურად ფინანსურ დახმარებასაც იღებს.

ჟურნალისტი ელისო კილაძე პერიოდულად გაჩენილ საეკლესიო სკანდალებს სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილეს სოსო გოგაშვილსა და კონკრეტულ გეგმას უკავშირებს. ელისო კილაძე ამტკიცებს, რომ მიზანი ბოდბელი ეპისკოპოსის მეუფე იაკობის გაპატრიარქებისთვის ხელის შეწყობა და მისი  კონკურენტების ჩამოშორება იყო. ამისთვის კი ავტორიტეტული სამღვდელო პირების დისკრედიტაცია ხდებოდა. ჟურნალისტი ამბობს რომ მეუფე სერაფიმეს სექს-სკანდალი ხელოვნურად აუგორეს და სუს-მა ზეწოლა არასრულწლოვანი გოგონას ოჯახზეც მოახდინა. თუმცა ამბის გახსენება და საუბარი აღარ სურთ გოგონას ოჯახის წევრებს. „ფორმულას“ სატელეფონო ზარებს არ პასუხობს მეუფე სერაფიმე. ამ ამბავს ბორჯომის ეპარქიის მღვდელმსახური იხსენებს, რომელიც ამბობს, რომ ამ ამბავმა მთელი ეპარქია დააზარალა, თუმცა მეუფე სერაფიმესგან ბრალდებების საჯაროდ უარყოფა ამ დრომდე არ მოუსმენია. მამა იერონიმე საეკლესიო საქმეებში სუს-ის ჩარევას კატეგორიულად გამორიცხავს და ამბობს, რომ მეუფე სერაფიმემ ეკლესიისგან სათანადო რეაგირება მიიღო.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ მძიმე დანაშაულების შემთხვევაში სასულიერო წოდება ხელშეუხებლობის გარანტია არ უნდა გახდეს. მათ მიაჩნიათ რომ ეკლესია ახლა ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს, ხელისუფლება კი მას საკუთრი ინტერესებისთვის იყენებს. ეკლესიის შიგნით რეაქციული ძალების წამოწევას კი ანალიტიკოსები რუსულ ინტერესების გაძლიერებას უკავშირებენ.

წინა წლების განმავლობაში ციანიდის სკანდალის გარდა, კიდევ რამდენიმე ხმაურიანი საეკლესიო შემთხვევა მოხდა. სინოდის გადაწყვეტილებით, ეპარქია გაუყვეს მეუფე იობს. მიტროპოლიტ თეოდორეს კი, რომელიც პატრიარქთან დაახლოებული პირი იყო, ერთ ლარად საცხოვრებელი კომპლექსის მიღება და საპატრიარქოს ქონების მითვისება დააბრალეს.


close დახურვა