პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი პატარიძე ამტკიცებს, რომ დროას ლიდერის ელენე ხოშტარიას მიერ მოთხოვნილი ექიმი რუსთავის მე-5 პენიტენციურ დაწესებულებაში საერთოდ არ მისულა.
მისი მტკიცებით, ექიმს მხოლოდ პირადობის მოწმობის ქსერო-ასლი და შესაბამისი დარგის სპეციალობის დამადასტურებელი სერთიფიკატი უნდა წარმოედგინა, რაც არ მომხდარა.
ამასთან, პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის მტკიცებით, ელენე ხოშტარიას ყველა საჭირო ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარდა და დაავადება, რომელზეც ელენე ხოშტარიას ეჭვი ჰქონდა, არ აღმოაჩნდა.
ის პროცესს "აბსურდის თეატრს" უწოდებს.
„ეს პროცესი, რაც ზოგადად, ელენე ხოშტარიასთან მიმართებით მიმდინარეობს, მართლა უკვე აბსურდის თეატრს ემსგავსება გამომდინარე იქიდან, რომ მსჯავრდებულის მოთხოვნის შემდეგ, მას მყისიერად ჩაუტარდა ყველა საჭირო ლაბორატორიული კვლევა. საბედნიეროდ, ლაბორატორიული კვლევების პასუხი არის უარყოფითი კონკრეტულად იმ დაავადებასთან მიმართებით, რომელზეც მსჯავრდებულს ჰქონდა ეჭვი.
მსჯავრდებულთან დაწესებულებაში პირადი ექიმის დაშვებასთან დაკავშირებით არანაირი შეფერხება არ ყოფილა. მოთხოვნილი იყო სავალდებულო, მინიმალური სახის დოკუმენტაცია, ეს მართლაც ღიმილის მომგვრელია, ეს იყო პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ქსეროასლი და ასევე, შესაბამისი დარგის სპეციალობის დამადასტურებელი სერტიფიკატი, რომელიც მერწმუნეთ, ნებისმიერ ექიმს უნდა ჰქონდეს.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, წარმოადგინონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი და შესაბამისი ექიმის დამადასტურებელი სერტიფიკატი, რომ ეს ექიმი არის შესაბამისი დარგის სპეციალისტი და სულ რამდენიმე წუთის განმავლობაში მოხდება დაშვება. მას ის დაავადება არ სჭირდა, რომელზეც მისი მხარე აპელირებს. ექიმი დაწესებულებაში არ მოსულა. მის მიერ მოთხოვნილი ექიმი ჩვენთან, ნომერ მეხუთე პენიტენციურ დაწესებულებაში არ მოსულა.
ხაზს ვუსვამ, მისი მოთხოვნისამებრ განხორციელდა შესაბამისი ლაბორატორიული კვლევები და თან არაერთგზის", - ამბობს ის.
